პოლიტიკა
საქართველოში პოლონეთის საელჩო ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩო ხდება

 საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩო ხდება. საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იან წლების დასწყისში დაარსდა, როგორც ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა.

საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი აცხადებს, რომ მათი პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს ნატოში გაწევრიანების ძალიან მაღალ სოციალურ მხარდაჭერას.

ალიანსის პარტნიორების ასეთი ფორმით მხარდაჭერა მოცემული ქვეყნისთვის განსაკუთრებული ჩართულობის გამომხატველია. ვამაყობ იმით, რომ თბილისში პოლონეთის საელჩოს დაეკისრა ასეთი პრესტიჟული და საპასუხისმგებლო ფუნქცია. წლების განმავლობაში პოლონეთი საქართველოს დიდი და ერთგული მეგობარი იყო და მისი მუდმივი ადვოკატი საერთაშორისო ფორუმებზე, ამიტომაც კმაყოფილი ვართ, რომ მორიგი შესაძლებლობა მოგვეცა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. ვეცდებით პროექტების განხორციელებას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ნატოში გაწევრიანების ძალიან მაღალ სოციალურ მხარდაჭერას“, – განაცხადა მარიუშ მაშკიევიჩმა.

ნატოს საკონტაქტო საელჩო პრაქტიკული და ხელშემწყობი ორგანოა ალიანსსა და მესამე ქვეყნებს შორის ორმხრივი კონტაქტებისა და ურთიერთთანამშრომლობის დასამყარებლად. მისი ძირითადი მიზანია საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნების განხორციელება საჯარო დიპლომატიის გამოყენებით. ნატო-ს საკონტაქტო საელჩო მხარს უჭერს არა მხოლოდ მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, არამედ ასევე საქართველოს მოქალაქეებს ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში, რასაც ახორციელებს საინფორმაციო შეხვედრების, პოლიტიკური დისკუსიების, სტუდენტური ვიზიტების და მიმდინარე თემებზე ბრიფინგების ორგანიზებით.