აქტუალური
ზურაბიშვილი მაკრონს და მერკელს შეხვდება

 საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 17-19 თებერვალს სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრება, განაცხადა პრეზიდენდის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა პრესკონფერენციაზე.

მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები იუნესკოს გენერალურ მდივანთან, საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან. იგეგმება სხვა არაერთი შეხვედრა, ასევე ინტერვიუები „ლე მონდთან", „ფრანს 24"-თან და სხვა საინფორმაციო საშუალებებთან.

გარდა ამისა, პრეზიდენტი შეხვდება ქართველ სტუდენტებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

20-21 თებერვალს კი საქართველოს პრეზიდენტი პარიზიდან სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება.

საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 21 აგვისტოს დამყარდა. ქვეყნებს შორის ურთიერთობები როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი მიმართულებით აქტიურად ვითარდება. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებები ძირითადად არეგულირებს თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ეკონომიკა, თავდაცვა, საფინანსო სექტორი, კულტურა და განათლება.