პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავღანეთში იმყოფებოდა (ვიდეო)

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა.

პრეზიდენტმა ის ბაზები დაათვალიერა, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან დისლოცირებული და ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ასრულებენ.

სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზას ესტუმრა და ქართველი მშვიდობისმყოფელების ამოცანებს პირადად გაეცნო, ჯარისკაცებთან სადილისას კი ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

პრეზიდენტმა ბაგრამის სამხედრო საავიაციო ბაზაზე ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკო და ქართველი ჯარისკაცების მიერ აშენებული ეკლესია მოინახულა. უმაღლესმა მთავარსარდალმა მშვიდობისმყოფელებს მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების დამსახურებასა და მათი საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყნისთვის (ვიდეო იხ. აქ).

"ჩემთვის უდიდესი პატივია, მოგმართოთ აქ, ავღანეთში, დღეს, როდესაც მთელი საქართველო ზეიმობს და იხსენებს დიდ მეფეს, დავით აღმაშენებელს. ეს თარიღი უფრო დიდ მნიშვნელობას მატებს ჩვენს აქ ყოფნას, რადგან ეს არის სიმბოლო იმისა, რისთვისაც თქვენ აქ დგახართ, რისთვისაც ჩვენმა ქვეყანამ მის სადარაჯოზე დგომის ნდობა მოგანიჭათ. ეს არის იმ გაერთიანების სიმბოლო, რისთვისაც ვიბრძვით და, რაც არის ჩვენი მთავარი მიზანი. თქვენი აქ ყოფნა ქვეყნის სამომავლო გაერთიანების მიზნის ერთ-ერთი საწინდარია.

თქვენი მონაწილეობა ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ხელს უწყობს მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას. ამასთან, ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. თქვენი პროფესიონალიზმი და თავდადება აღიარებულია ყველა ჩვენი პარტნიორის მიერ და თქვენ, ჩვენი ქვეყნის ღირსეული ელჩები ბრძანდებით. ახლახანს, ჩემი ვიზიტისას ბრიუსელში, ყველამ აღიარა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი. ამით თქვენ ამტკიცებთ, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ჩვენი ურთიერთთავსებადობა მაღალია და მისიაში მონაწილეობით კიდევ უფრო მეტად უმჯობესდება. ძალიან ამაყი ვიყავი ბრიუსელში, როდესაც თავიანთ გამოსვლებში ყველა ქვეყნის ელჩი დიდი პატივისცემით ახსენებდა თქვენს მონაწილეობას ამ მისიაში. ეს არის რეალურად ჩვენი ქვეყნის სახე მსოფლიოში. ჩვენი დაახლოება ნატოსთან, ჩვენი სამომავლო მიზანი, გაწევრიანება და ინტეგრაცია სწორედ ამით არის განპირობებული. ჩემი და საქართველოს მოსახლეობის სახელით დიდ მადლობას გიხდით თქვენ და მათ, ვინც თქვენამდე მსახურობდა მისიაში.

მინდა გავიხსენოთ ისინი, ვინც აქ დაიღუპნენ. ისინი სამუდამოდ დარჩებიან ჩვენს მეხსიერებაში და სწორედ მათ შეიტანეს უდიდესი წვლილი ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესში და, რაც მთვარია, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და იმაში, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის სრულყოფილი წევრი გამხდარიყო. საქართველო, როგორც ღირსეული და სანდო პარტნიორი ქვეყანა, მომავალშიც განაგრძობს მის მიერ აღებული ვალდებულების სათანადოდ შესრულებას და იმ დრომდე იქნება მისიაში პარტნიორების გვერდით, სანამ, ერთობლივი შეფასების შესაბამისად, ამის საჭიროება იქნება. ვიქნებით ამ ან სხვა მისიაში, ჩვენ მზად ვართ, რომ დავრჩეთ როგორც ძლიერი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანა საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მთავრობა და თავდაცვის სამინისტრო ეტაპობრივად ზრდის სამხედრო მოსამსახურეთა მოტივაციის ამაღლებისა და ანაზღაურების პირობებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სახელფასო უზრუნველყოფა იზრდება და საერთაშორისო მისიებში ჩვენი რეფორმები სამაგალითო რეფორმებადაა აღიარებული როგორც ნატოს წევრებისგან, ისე პარტნიორი წევრების მხრიდან და ეს უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებასა და თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვან ამაღლებას. აღნიშნული რეფორმების შედეგია ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის უპრეცედენტოდ გაზრდილი დინამიკა. თავდაცვის მიმართულებით ჩატარებული რეფორმები აისახა საქართველოს მიმართ მაღალ ნდობასა და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე. სწორედ გაღრმავებული პარტნიორობისა და მთავრობის მიმართ მაღალი ნდობის შედეგია ამერიკის შეერთებული შტატებისგან ტანკსაწინააღმდეგო საშუალებისჯაველინისშესყიდვა.

ისევ იზრდება საქართველოს ტერიტორიაზე ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ჩატარებული მასშტაბური წვრთნების რაოდენობა, მონაწილე მხარეებისა და სამხედრო ტექნიკის მრავალფეროვნება. წელს ძალიან მაღალი დონის ვიზიტებს ვუმასპინძლებთ: ნატოს სამხედრო კომიტეტსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს. აღნიშნული რეფორმების შედეგია მეტი ნატო საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნისათვის მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში ქართველ სამხედროებთან შეხვედრისას.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურთან, გენერალ დანიელ კონლისთან, „მტკიცე მხარდაჭერის“ და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალთან აუსტინ სკოტ მილერთან, ასევე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოჰამედ აშრაფ ღანი აჰმადზაისთან.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს უმაღლესი სამხედრო წარმომადგენელი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია.