საზოგადოება
ემიგრანტებს მასობრივი დეპორტაცია ელით

deportedევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო მიმოსვლა გამარტივდა. თუმცა სანაცვლოდ ევროპამ საქართველოსგან ფართომასშტაბიანი რეადმისიის ჩატარება მოითხოვა. ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების ვალდებულება ქართულმა მხარემაც თავის თავზე აიღო. სწორედ ამიტომ დემოგრაფები უცხოეთში მყოფ ქართველთა მასობრივი დეპორტაციის მოლოდინში არიან. ამ ფონზე წელს საქართველოში დაბრუნებულთა რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს. დეპორტაცია შეეხებათ იმ პირებსაც, ვინც უკვე სარგებლობს სოციალური ლტოლვილის სტატუსით.

 

ამ იძულებით დაბრუნების ამოქმედებამდეც, ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო წლებში მიგრაციის მაჩვენებელი ისედაც დადებითია. ამ მიმართულებით 2010 წლის ოფიციალური სტატისტიკა ჯერ უცნობია, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მუდმივად კეთდება განცხადებები, რომ საქართველოში დაბრუნებულთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს და დიდად აჭარბებს გამსვლელთა რაოდენობას.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2009 წლის მიგრაციის მაჩვენებელი დადებითია (32 ათასი), თუმცა დემოგრაფიული სფეროს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს მონაცემები რეალობას არ შეესაბამება. მათი ინფორმაციით, მიგრაციის სალდო უარყოფითია – ყოველწლიურად საქართველოდან საშუალოდ 10-15 ათასი კაცით მეტი გადის, ვიდრე შემოდის. მათივე თქმით, მიგრაციის ტენდენცია შესაძლოა, მატებისკენ იყოს (ამის ერთ-ერთი გამომწვევ მიზეზად ევროპაში არსებულ კრიზისს ასახელებენ), მაგრამ ვერც ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება და ვერც ევროპული კრიზისი მიგრაციის მაჩვენებელს – 30-32 ათასით, დადებითს მაინც ვერ გახდის.