პოლიტიკა
ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანება გვიდასტურებს, რომ ალიანსის კარი ღიაა და საქართველოც შეაბიჯებს ამ ღია კარში, განაცხადა ნატოში საქართველოს წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანება გვიდასტურებს, რომ ალიანსის კარი ღიაა და საქართველოც შეაბიჯებს ამ ღია კარში, – ამის შესახებ ნატოში საქართველოს წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მაკედონიის გაწევრიანების პროტოკოლზე ხელმოწერა კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება და მას კონკრეტული შედეგები მოაქვს.

საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეა. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება და ნათელი დასტური იმის, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა გრძელდება და მას კონკრეტული შედეგები მოაქვს, რაც ამჯერად აისახება ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანებაში. რაც შეეხება პროცესის მნიშვნელობას დანარჩენი ასპირანტი ქვეყნებისთვის და, მათ შორის, საქართველოსთვის. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გვაძლევს სტიმულს და გვიდასტურებს, რომ ალიანსის კარი ღიაა და საქართველოც შეაბიჯებს ამ ღია კარში“, – განაცხადა ნატოში საქართველოს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, 2019 წელი საკმაოდ დატვირთული იქნება ნატო-საქართველოს ერთობლივი ღონისძიებებით.

როგორც მომავალი თვე, ასევე მთლიანად 2019 წელი საკმაოდ დატვირთული იქნება ღონისძიებებით. საქართველოში გაიმართება ნატოსა და საქართველოს ერთობლივი სწავლება. დაგეგმილია საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი. საქართველოს ეწვევა ნატოს სამხედრო კომიტეტი. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდამჭერი გზავნილი ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების პროცესისადმი, თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისათვის ხელის შეწყობის თვალსაზრისით და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.

ნატოს შტაბბინაში ხელი მოეწერა მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლს. ამ დოკუმენტს ხელი მოაწერეს ნატოს წევრი 29 სახელმწიფოს სპეციალურმა წარმომადგენლებმა.