აქტუალური
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა რესპუბლიკელ კონგრესმენ ბილ ფლორესს აშშ-ის კონგრესის მხრიდან საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მიმართ კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერას გაესვა ხაზი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრაზე კონგრესმენ ბილ ფლორესთან (რესპუბლიკური პარტია-ტეხასის შტატი).

მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება კონგრესის მხრიდან საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერის გამო, რაც გამოიხატა არაერთი საკანონმდებლო აქტისა თუ რეზოლუციის ინიცირებასა და დამტკიცებაში. მათ შორის მხარეები მიესალმნენ 116-ე მოწვევის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ხელახალ ინიცირებას და, ასევე, 2019 წლის აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტის სენატის ვერსიაში საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების გაზრდას, გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული ვერსია შენარჩუნებული იქნება საბიუჯეტო კანონის საბოლოო დამტკიცებისას. კონგრესმენმა ფლორესმა გამოთქვა სურვილი, გაწევრიანდეს აშშ-ის კონგრესში არსებულ საქართველოს მეგობართა ჯგუფში და გამოხატა მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში.

კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კონგრესის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლოს ახალი მოწვევის კონგრესთან, რისი გამოხატულებაც იყო გასულ კვირას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში.

მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა კონგრესმენს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ. ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციტივა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და აღნიშნა ამ პროცესში აშშ-ის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს, საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს და ამ მიმართულებით აშშ-სთან თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების პერსპექტივას და ამ კუთხით აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერას.