აუქციონის პირობების მიხედვით, კლინიკების ახალი მფლობელი ვალდებულია, ობიექტს სამედიცინო პროფილი 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს. დღის ბოლოს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, ვინ დაინტერესდა ამ ორგანიზაციებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების ინფორმირებულება მხოლოდ ინვესტორის სახელისა და გვარის დასახელებით შემოიფარგლება. მიუხედავად მინისტრ ვერა ქობალიას განცხადებისა, რომ 2011 წელს მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საპრივატიზაციო პროცესის გამჭვირვალობა იქნება, ეკონომიკის სამინისტრო უკვე გაყიდული ობიექტების მფლობელთა შესახებ ინფორმაციებს ასაიდუმლოებს. ეს კი კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, ვინაიდან სახელმწიფო სტრუქტურის მიერ კერძო პირთან დადებული ნებისმიერი გარიგება, თუ იგი სახელმწიფო საიდუმლოებას არ განეკუთვნება, საჯარო უნდა იყოს. გასაიდუმლოებულია ინფორმაცია „საირმის განვითარების კომპანიის“ შესახებ; კერძოდ, ვინ არიან ამ კომპანიის დამფუძნებლები, როდის დაფუძნდა, რა კაპიტალი აქვს. სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ამ ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვთ. ასევე მწირი ინფორმაცია არსებობს რუსეთში მოღვაწე ინვესტორის – დანიელ გუფთას – შესახებ, რომელმაც ლამის ნახევარი თბილისი იყიდა. ამ ინვესტორის შესახებ ინფორმაციის მრავალგზის მოთხოვნის შემდეგ სამინისტრომ მასზე გაავრცელა მხოლოდ ის ორიოდე ფრაზა, რის მოძიება ინტერნეტითაც იყო შესაძლებელი.