სამართალი
პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა სასამართლო წააგო

 საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) წინააღმდეგ პანკისის ხეობაში მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელი, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ეხებოდა.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის დეკემბერში ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავების სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაიჭრა. ის მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მაჩალიკაშვილის ოჯახმა სასამართლოს სარჩელით 2018 წლის დასაწყისში მიმართა. ოჯახის ახლობლების განცხადებით, სპეცოპერაციის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებებით დაირღვა თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის სახით 12 ათასი ლარი მოითხოვეს.

ჩვენი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებებით თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია არანაირად არ დარღვეულა", - განაცხადა ოჯახის ადვოკატმა დავით ბერძულმა ჟურნალისტებთან.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი, რომელიც ამტკიცებს, რომ თემირლანი უდანაშაულოა და ახალგაზრდის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ამ დრომდე მართავს, იურისტთან ერთად სასამართლო გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.

საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფცია კონსტიტუციით რეგულირდება, რომელშიც ნათქვამია, რომ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის თანახმად, რომელსაც საქართველო 1999 წლიდან შეუერთდა, თითოეული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირი უდანაშაულოდ ითვლება იმ დრომდე, ვიდრე მისი დანაშაული კანონის შესაბამისად არ დადგინდება.