საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა არასწორი უწოდა ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილის ნათესავები მის მრჩევლებად დასაქმდნენ. ამასთან, პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ ადმინისტრაციაში ხელშეკრულებით, კონსულტანტებად მუშაობენ სალომე ზურაბიშვილის ნათესავები ნანა კაშია და ქეთევან მიქაძე.
მოისწრაფიშვილმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ კაშია და მიქაძე კონკრეტული ვაკანსიების დასაკავებლად მონაწილეობას მიიღებენ კონკურსში, რომელიც რეორგანიზაციის პირველი ეტაპის დასრულების, 15 თებერვლის შემდეგ გამოცხადდება.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნანა კაშიას აქვს 24-წლიანი სამუშაო გამოცდილება ევროკავშირის წარმომადგენლობაში საქართველოში, სადაც მუშაობდა უვადო კონტრაქტით. საუბრობს თავისუფლად 4 ენაზე და იყო გაცილებით მაღალანაზღაურებად პოზიციაზე. რაც შეეხება ქეთევან მიქაძეს, ის იყო ლატარიის კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
პრეზიდენტის პრესსპიკერი ჯერჯერობით ვერ ასახელებს კონკურსის გამოცხადების თარიღს. მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დასრულდება ადმინისტრაციის მოქმედ თანამშრომლებთან გასაუბრების პროცესი და გამოიკვეთება, თუ ვინ დარჩება თავის ან სხვა პოზიციაზე, დღის წესრიგში დადგება კონკურსის გამოცხადების საკითხი.