აქტუალური
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული უკრაინის მოქალაქეები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 2 დეკემბერს დაკავებულ უკრაინის 7 მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და 5 მათგანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

როგორც "პირველს" სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, 5 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. დარჩენილი ორი ბრალდებულის მიმართ საქმე გამოეყო ცალკე წარმოებად საპროცესო შეთანხმების დამტკიცების მიზნით.

პრესსამსახურში განმარტეს, რომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაც.

ჩხეტიას გათავისუფლება მისი ოჯახისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც "პირველს" ჩხეტიას ახლობელმა რომეო ფარულავამ განუცხადა, სასამართლო პროცესი 7 თებერვალს უნდა გამართულიყო.

"ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. არ ვყოფილვარ პროცესზე, რადგან არ ვიცოდი, არც ოჯახის წევრები ყოფილან. თვითონ ლუკამ დამირეკა. სხვა დეტალები არ ვიცი“, -აღნიშნა ფარულავამ.

2018 წლის 2 დეკემბერს უკრაინის 7 მოქალაქე თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებულები ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმროალიანსში“27 ნოემბერს დაბინავდნენ.

როგორც მაშინ შსს-ში განაცხადეს, "უკრაინის 7 მოქალაქე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236- მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს".