საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალი მოეწყობა და აკვატორიის სიღრმე გაიზრდება, რისი მეშვეობითაც ნავსადგური 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს.
„პეის ჯგუფსა“ და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციას (OPIC) შორის პეის ტერმინალის დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებული ღონისძიება თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.
ხელშეკრულების თანახმად, „პეის ჯგუფს“, საზღვაო ტერმინალის პროექტის ფარგლებში, აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.
„პეის ჯგუფის“ ინფორმაციით, ტერმინალი მდებარეობს ფოთის ყოფილი გემთსაშენი ქარხნის ტერიტორიაზე, ე.წ. ახალი ნავსადგურის აკვატორიაში, რომელიც „პეის ჯგუფმა“ შეიძინა 2013 წელს. პროექტის საერთო მოცულობა 120 მილიონი დოლარია და ორ ფაზას ითვალისწინებს. პირველი ფაზის საერთო საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მათ შორის 50 მილიონი აშშ დოლარი აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ გამოიყოფა.
„ახალი ტერმინალი განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, ნავმისადგომების ჯამური სიგრძე – 650 მეტრი. ტერმინალის საერთო ტვირთგამტარიანობა – 2.5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი, გენერალური ტვირთი და 100 ათასი TEU (კონტეინერები). აკვატორიის სიღრმე გაიზრდება 12 მეტრამდე, რის მეშვეობითაც ნავსადგური შეძლებს 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას. შეიქმნება 200 სამუშაო ადგილი. ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ტალღმჭრელის აშენების შემთხვევაში კი, აკვატორიის სიღრმე გაიზრდება 15 მეტრამდე, რის შედეგადაც 60 ათასი ტონა ტვირთამწეობის გემების მიღება იქნება შესაძლებელი“, – ნათქვამია „პეის ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ამასთან „პეის ტერმინალი“ ნაწილობრივ უკვე ფუნქციონირებს, რომლის საშუალებითაც 2015-2017 პროექტის „შაჰ დენიზი 2“ ფარგლებში „ბიპის“ მილების მიღება, განთავსება და დანიშნულების ადგილზე გაგზავნა ხორციელდებოდა. დღეისთვის ტერმინალზე უკვე წარმოებს სხვადასხვა სახის ტვირთებისა და საზღვაო კონტეინერების მიღება დამუშავება, მათ შორისაა თურქმენული მინერალური სასუქი – კარბამიდი. „პეის ტერმინალი“ ასევე ახორციელებს შუა აზიის ქვეყნებში წარმოებული მინერალური სასუქების მიღება-დამუშავებას.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, დაფინანსების შედეგად მოდერნიზაციის განხორციელების შემდეგ, გაზრდილი ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ხარჯზე, „პეის ტერმინალის“ სიმძლავრეები შესაძლებელს გახდის, განხორციელდეს შუა აზიის ქვეყნებში წარმოებული ქიმიური სასუქების ძირითადი მოცულობის ტრანზიტი. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შედეგად „პეის ტერმინალზე“ დღეს არსებული ქიმიური სასუქების წლიური ტვირთგამტარიანობა 500 ათასი ტონიდან 2 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
გარდა მინერალური სასუქებისა, ტერმინალი მოემსახურება სხვადასხვა სახის მშრალ და ნაყარ ტვირთებს, ასევე საზღვაო კონტეინერებს. შეიქმნება თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომლის საშუალებითაც ტერმინალი შეძლებს დაამუშაოს ისეთი სახის ტვირთები, რომელთა მიღებაც საქართველოს ნავსადგურებში ამ დრომდე შესაძლებელი არ არის. მაღალი სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის შექმნით კი გაიზრდება საპორტო სიმძლავრეები და გაცილებით მეტი სატრანზიტო ტვირთი იქნება მოზიდული.
„პეის ჯგუფი“ რეგიონში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც საზღვაო სააგენტოს, საბროკეროს, ლოჯისტიკურ, საკონტეინერო და ნავმისადგომების ოპერატორ კომპანიებს აერთიანებს. ყოველწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას აღემატება.