უცხოეთი
ესპანეთმა, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, შვედეთმა და დანიამ ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარეს

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის ესპანეთმა, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, შვედეთმა და დანიამ ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, ახლა საჭიროა, რომ ვენესუელაში რაც შეიძლება მალე ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

„დღეს 4 თებერვალია, მერვე დღეა, რაც ესპანეთი სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად მადუროს რეჟიმს თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს. ეს დღე დადგა, მაგრამ ამ მიმართულებით მადუროს რეჟიმს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ესპანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ოფიციალურად აღიარებს ვენესუელის ასამბლეის პრეზიდენტს, ბატონ გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა კი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთი გუაიდოს დროებით კონსტიტუციურ პრეზიდენტად სანდო არჩევნების ჩატარებამდე აღიარებს.

„ნიკოლას მადურომ არ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები რვა დღის ვადაში, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ. ასე რომ, დიდი ბრიტანეთი ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, ხუან გუაიდოს დროებით კონსტიტუციურ პრეზიდენტად აღიარებს სანდო არჩევნების ჩატარებამდე“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“

შეგახსენებთ, ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე ევროკავშირის ულტიმატუმს არ იღებს.

ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა, ხუან გუაიდომ 23 იანვარს თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად 20-მდე ქვეყანა, მათ შორის საქართველოც აღიარებს.

1tv.ge