აქტუალური
რას მიაღწია ევროკავშირმა საქართველოში ვიზალიბერალიზაციის საშუალებით - მოგერინის 3 მიზანი

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. ვიზალიბერალიზაციამ ხელშესახები ცვლილება მოუტანა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. მისი თქმით, ამ სამ ქვეყანასთან დაკავშირებით სამი მიზნის მიღწევა მოხერხდა.

ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობებში ძალიან ბევრს მივაღწიეთ. არათუ ათი წლის წინ, არამედ რამდენიმე წლის წინაც, ამის დაჯერება შეუძლებელი იყო. უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან შევძელით სამი მიზნისთვის მიგვეღწია. ეს არის სავაჭრო ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმებები, რომელიც გვაძლევს რეგულარული კონტაქტისა და პოლიტიკურ დონეზე თანამშრომლობის ჩარჩოს სხვადასხვა სფეროში; მხარდაჭერა იმ რეფორმების გატარებაში, რომლებიც თავად ამ ქვეყნების მოქალაქეებმა მოითხოვეს და სასარგებლოა საზოგადოებისთვის, ეკონომიკისთვის, კანონის უზენაესობისთვის და ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ყოველთვის იყო დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხი ამ სამივე ქვეყნისთვის და რამაც ხელშესახები ცვლილება მოუტანა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებს. მაგალითად, თუ გავიხსენებ ჩემი მანდატის დასაწყისს, მაშინ ამ მიზნების მიღწევა შეუძლებელი ჩანდა.

ჩვენ ნამდვილად გვაქვს წელს საზეიმო და აღსანიშნი, რადგან ორგანიზაციის წევრი ქვეყნების და პარტნიორების მოწადინების, მონდომების დამსახურებით მივაღწიეთ იმას, რაზეც ოცნებაც კი შეუძლებელი იყო. ჩვენ გვაქვს 2020 წლისთვის მისაღები 20 შედეგი დასახული. წევრი ქვეყნები და კომისია ვართ დარწმუნებული, რომ ეს ცვლილებები არის მიღწევადი, არის კონკრეტული და ვიცით, თუ როგორი გავლენა ექნება ამ ქვეყნების და ჩვენი მოსახლეობის ცხოვრებაზე. ეს არის გზა, თუ როგორ შეგვიძლია ვიმუშაოთ ერთად და მივაღწიოთ არაჩვეულებრივ შედეგებს“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.