პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: „სააკაშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამიტომ მასშტაბური პროტესტი აუცილებელი გახდება“

alasaniaa„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ პროფესიულ საკითხებზე, კონკრეტული დარგების პრობლემებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების პროტესტი უფრო მასშტაბური გახდება, რადგან, მისი აზრით, „ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არანაირი წარმოდგენა არ აქვს, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან. მას არ აქვს ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, მისი სოციალური პოლიტიკა ისევე ცინიკურია, როგორიც აქამდე იყო. ხელფასები იგივე რჩება, თუმცა ფასები იზრდება 30–40%–ით... ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ სოციალური პროტესტი უფრო მასშტაბური იქნება. პროტესტის ეს ფორმა ყველა ცივილურ ქვეყანაში არის ერთ–ერთი ბერკეტი, რათა ხელისუფლების მცდარი პოლიტიკა შეიცვალოს. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ, შესაძლოა, თავადაც გავხდეთ გარკვეული ასეთი საპროტესტო აქციების ინიციატორი, რადგან ვთვლით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის არანაირი ხედვა არ გააჩნია და მისი ყველა ნაბიჯი – ეკონომიკური, სასოფლო–სამეურნეო თუ სოციალური, არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. ამიტომაც პროტესტის ეს ფორმა და მასშტაბური პროტესტი, ჩემი აზრით, აუცილებელიც გახდება, რომ მსგავსი პოლიტიკა შევცვალოთ“, – განაცხადა ალასანიამ. თუმცა იქვე დასძინა, რომ „ის და მისი თანაგუნდელები ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის წინააღმდეგი“.