აქტუალური
საქართველოს საელჩო გერმანიაში: დიმიტრი მედოევთან ინტერვიუს ავტორი პრორუსული ორგანიზაციის წევრია, ხოლო გამოცემა - დაბალტირაჟიანი და მემარცხენე-რადიკალური

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. გერმანულ გამოცემა ნოიეს დოიჩლანდშიოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის დიმიტრი მედოევის ინტერვიუთან დაკავშირებით, საელჩოს კომუნიკაცია ჰქონდა აღნიშნულ გამოცემასთან და მას მიეწოდა დეტალური ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ნოიეს დოიჩლანდში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ ყაზბეგი ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთს წარმოადგენს. ეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი ხელმძღვანელობის მკაფიო პოზიციაა და ადრე თუ გვიან ეს ტერიტორიები ოს ხალხს დაუბრუნდება(მედოევის ინტერვიუს სრული ტექსტი წაიკითხეთ აქ).

საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ინტერვიუს ავტორი, ჟურნალისტი დავიდ ნოაკი (David X. Noack) სტატიებს აქვეყნებს ძირითადად მემარცხენე ორიენტაციის გამოცემებში და 2012 წლიდან არის ორგანიზაცია რუსეთის ხალხთა ბერლინელი მეგობრების წევრი და აქტიური მხარდამჭერი.

რაც შეეხება თავად გამოცემას, „ნოიეს დოიჩლანდი“ (Neues Deutschland) გახლავთ დაბალტირაჟიანი მედიასაშუალება. სხვადასხვა უწყების მიერ (Bundeszentrale für politische Bildung, Bundesamt für Verfassungsschutz) იგი მიჩნეულია გამოცემად, რომელიც აშკარად ავლენს მემარცხენე-რადიკალურ მიდრეკილებას“, – მიუთითებენ გერმანიაში საქართველოს საელჩოში.

მათივე ცნობით, გაზეთის სტატიები გამოირჩევა რუსეთის მიმართ დადებითი განწყობით.

მათში, ძირითადად, გაჟღერებულია ისეთი მოსაზრებანი, რომლებიც ამართლებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და ჰეგემონიურ დამოკიდებულებას პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მიმართ“, – აღნიშნავენ გერმანიაში საქართველოს საელჩოში.