აქტუალური
მოთხოვნილი 70 მლნ 320 ათასი ევროს ნაცვლად საქართველო მხოლოდ 10 მილიონი ევროს მიღებას შეძლებს: ვინ მოიგო სტრასბურგში - საქართველომ თუ რუსეთმა?

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი.

რფ-ის იუსტიციის სამინისტრო - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის დადგენილების შესახებ კომპენსაციის საკითხზე N13255/07 საჩივართან „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ დაკავშირებით

„2019 წლის 31 იანვარს გამოცხადდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის დადგენილება კომპენსაციის საკითხზე, 2014 წლის 3 ივლისს სახელმწიფოთაშორისი საჩივრის N13255/07 „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (რომელიც 2006 წელს რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მასობრივად გამოძევების გარემოებებს ეხებოდა) არსზე გამოტანილი დადგენილების გათვალისწინებით.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი თქვა, დაეკმაყოფილებინა ქართული მხარის მოთხოვნა კომპენსაციის სახით რუსეთის ფედერაციისთვის 70 მლნ 320 ათასი ევროს გადახდევინების შესახებ და საბოლოოდ განსაზღვრა თანხა 10 მლნ ევროს ოდენობით.

სასამართლომ მიიღო რუსეთის ხელისუფლების არგუმენტები და ქართული მხარე დაავალდებულა, რომ დაზარალებულად ცნობილი ადამიანების ამომწურავი სია წარადგინოს. უარყოფილ იქნა საქართველოს მოთხოვნები დამატებით შესაძლებლობებთან დაკავშირებით და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი უთხრა საქართველოს, დაზარალებულად 4 634 ადამიანი ყოფილიყო ცნობილი. შესაბამისი გაანგარიშების დროს სასამართლომ რუსული მხარის მიერ წარმოდგენილი მონაცემები გამოიყენა და დაზარალებულთა საერთო რიცხვი 1500 ადამიანამდე შეამცირა.

გადაწყვეტილების განხორციელების მექანიზმის საკითხი გადაწყდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთვის წარდგენილი ვალდებულების გათვალისწინებით, რომ მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით უზრუნველყოს ფულის სამართლებრივი განაწილება ინდივიდუალური განმცხადებლებისთვის. ასევე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ამ დრომდე არ არსებობს პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობები.“