საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ერევანში ალექსანდრ გრიბოედოვის ძეგლის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას 30 იანვარს აღნიშნა, რომ სომხური საქონელბრუნვისთვის კიდევ ერთი დერეფანი გაიხსნება, რომელიც 2011 წლის რუსეთ-საქართველოს საბაჟო რეგულაციის მიხედვით სომხეთისთვის კიდევ ერთი დერეფანის გახსნის შესაძლებლობას იძლევა. “რუსეთი საბაჟოს შესახებ რუსულ-ქართულ რეგულაციას პოზიტიურად განიხილავს. ჩვენი მიზანია, ჩვენს თავზე აღებული პასუხისმგებლობის რეალიზება მოვახდინოთ. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სამმხრივი კომიტეტის პირველი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს შვეიცარია ფირმა SGS-ის სახით, რომელიც განახორციელებს კიდეც ამ პროექტს საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად. ასეთი შეხვედრა ძალიან მალე გაიმართება. დანიშნულია დრო: თებერვალში, ჟენევაში. ამის შემდეგ ჩვენ ყველა მომდევნო ნაბიჯის ლოგისტიკას დავითვლით, პროექტის რეალიზებას დავიწყებთ”, – კარასინის გამოსვლიდან ციტატას სომხური მედია აქვეყნებს.
ამავე დროს, მან აღნიშნა პრობლემები, რომლებიც რეგიონშია პოლიტიკური კუთხით, მათ შორის, პოლიტიკურ სტატუსებთან დაკავშირებით. “ეს დელიკატური საკითხებია, რომელსაც ქართველებთან და შვეიცარიელებთან ერთად განვიხილავთ” – აღნიშნა კარასინმა.
საქინფორმმა არაერთხელ მიაწოდა მკითხველებს ინფორმაცია პრობლემებზე, რომლებიც ამ საკითხში შებრკოლების ლოდად გვევლინება (დაწვრილებით წაიკითხეთ ერთ-ერთ ბოლო სარედაქციო პუბლიკაციაში „ტყუილი და სიმართლე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების “მონიტორინგის” შესახებ“). ეს გახლავთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) ტერიტორიების სტატუსის პრობლემა, მაგრამ შეთანხმების რეალიზაციას უკვე მარტო საქართველო როდი უშლის ხელს. გასული წლიდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებმა ულტიმატუმი წამოაყენეს, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტრანპორტს მხოლოდ საქართველოს მიერ მათი აღიარების პირობით გაატარებენ, და ისინი აუცილებლად უნდა ფიგურირებდნენ შვეიცარიულ კომპანიასთან - შუამავალთან შეთანხმებაში, როგორც სრულუფლებიანი მონაწილეები.