საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 27 პროცენტი ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 12-მა პროცენტმა კი „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 36 პროცენტი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

შეკითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს - პირველი არჩევანის შემთხვევაში, 36% პასუხობს, რომ „არც ერთი“, 27% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას პარტია „ქართული ოცნება“, 12% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 3% – „ევროპული საქართველო“, 3% – „პატრიოტთა ალიანსი“. ამასთან, „უარი პასუხზე“ – 9%, „არ ვიცი“ – 5%.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი მედიას წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,1 პროცენტია.