სამართალი
NDI: საქართველოში გამოკითხულთა 55 პროცენტი მიიჩნევს, რომ ძლიერი ლიდერი მმართველობის ცუდი ფორმაა

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ ძლიერი ლიდერი მმართველობის ცუდი ფორმაა. ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 28% ძლიერ ლიდერს მმართველობის კარგ ფორმად მიიჩნევს, ხოლო 17% აცხადებს, რომ არ იცის.

თბილისში გამოკითხულთა შემთხვევაში ძლიერ ლიდერს მმართველობის ცუდ ფორმად უფრო მეტი, 65% მიიჩნევს.

დიდი ქალაქების მიხედვით, ძლიერი ლიდერის მმართველობის ცუდ ფორმად შეფასების მაჩვენებელი შედარებით დაბალია - 51%, ხოლო პატარა ქალაქების მიხედვით უფრო მაღალი – 60%-ა.

რაც შეეხება რესპონდენტთა ასაკობრივ განაწილებას, ძლიერ ლიდერს მმართველობის ცუდ ფორმად ყველაზე მეტი, 58 პროცენტი, 18-34 ასაკის მოქალაქეებს შორის აფასებს.

კვლევის საველე სამუშაოები კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC – საქართველო) ჩაატარა.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,1 პროცენტი.