სამართალი
NDI-ს კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 46 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 46 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.

კითხვაზე – თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია?“ - ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ „არა“, ხოლო 43% პასუხობს, რომ „კი“. პასუხი „არ ვიცი“ 11%-მა მიუთითა.

ამასთან, თბილისში გამოკითხულთა 53%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის, დედაქალაქში გამოკითხულთა 40% კი ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის. დიდ ქალაქებში, პატარა ქალაქებსა და სოფლებში გამოკითხულთა 44%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, დიდ ქალაქებში ასევე 44% ფიქრობს, რომ დემოკრატია არის, პატარა ქალაქებში 47% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიაა, ხოლო სოფლებში – 42%.

ასევე, გამოკითხულთა 59% პასუხობს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცხოვროს დემოკრატიულ ქვეყანაში, 33%-ისთვის კი - მნიშვნელოვანია.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი მედიას წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,1 პროცენტია.