სამართალი
NDI: გამოკითხულთა 90 პროცენტი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაკეთებული არჩევანით კმაყოფილია

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაკეთებული არჩევანით კმაყოფილია.

მეორე ტურში არჩევნების დღეს გაკეთებული არჩევანით კმაყოფილია გამოკითხულთა 87%, ხოლო უკმაყოფილოა 11%.

კითხვაზე - პირველ ტურში უფრო ვიღაცის წინააღმდეგ მისცა ხმა ვიღაცის სასარგებლოდ - დადებითი პასუხი გასცა 29%-მა, უარყოფითი კი - 66%-მა.

მეორე ტურში გამოკითხულთა 33%-მა უფრო ვიღაცის წინააღმდეგ მისცა ხმა ვიღაცის სასარგებლოდ, 62%-მა კი კითხვას უარყოფითად უპასუხა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-მ მედიას 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.