„არა მგონია, სააკაშვილმა არ იცოდეს, რასაც აკეთებს“
საგანმანათლებლო პროგრამის – „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ – ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. 2011 წლიდან საქართველოში კვალიფიციურ მასწავლებელთა მეოთხე ჯგუფი ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, რუმინეთიდან და ირლანდიიდან ჩამოვიდა. ახალჩამოსული ინგლისურენოვანი პედაგოგები ტრადიციულად ტრენინგს გაივლიან და თბილისისა და შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან. მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, მოხალისე პედაგოგები ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად, სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან.
როგორც „საქინფორმი“ იუწყებოდა, როცა პირველად კანადიდან 10000 მასწავლებელი ჩამოვიდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თქვა, მოხალისე მასწავლებლების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს ჩეხეთში, ჩილეში, იაპონიაში. მოხალისე მასწავლებელი კლასში ქართველ მასწავლებელთან ერთად შევა და ამის შედეგად პედაგოგიც შეიძენს გამოცდილებას და ბავშვიც ცოდნას მიიღებს იმ მასწავლებლისგან, რომლისთვისაც ინგლისური ენა მშობლიურიაო.
თუ რატომ უნდათ ამ მასწავლებლებს უხელფასოდ მუშაობა, ამის თაობაზე „საქინფორმის“ კორესპონდენტი ინგლისში ლეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, ორგანიზაცია „ნაციონალური სტრატეგიების“ თანამშრომელს ესაუბრა. ჩვენი თანამემამულე ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს. იგი დიდი ბრიტანეთის ქალაქ რიდინგში ცხოვრობს უკვე 12 წელია და ამ ხნის განმავლობაში არაერთ სამთავრობო ორგანიზაციაში უმუშავია.– ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსიკორპსში“ ერთხანს მეც ვმუშაობდი და ვიცი, რომ ამ და სხვა მსგავსი ორგანიზაციების საშუალებით ამერიკა ცდილობს, შევიდეს მისთვის საინტერესო ქვეყანაში და მასზე მოახდინოს გავლენა. თავიდან, მუშაობა რომ დავიწყე, მეგონა, არასამთავრობო ორგანიზაციები არ ერეოდნენ პოლიტიკაში, მაგრამ როცა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იქმნება, ის, სინამდვილეში, იმ ქვეყნის მთავრობის საქმეს ასრულებს, რომელიც აფინანსებს და ეს პოლიტიკაა. „მერსი კორპსს“ ჰყავს თავისი მასწავლებლები, რომლებსაც გაცვლითი პროგრამით გზავნის მისთვის საინტერესო ქვეყანაში და მათი მეშვეობით მასზე იდეოლოგიურ გავლენას ახდენს. ინგლისში უკვე კარგად იციან, რომ ამერიკა გაიძულებს, იყიდო ის, რაც არ გჭირდება და, თანაც, იმ ფულით, რომელიც არ გაქვს – ამერიკა შემოვა შენს ქვეყანაში ან არასამთავრობო ორგანიზაციით, ან ოპოზიციის გაძლიერებით. ამიტომ ასეთი ორგანიზაციები დიდ ბრიტანეთში ვეღარ მუშაობენ. იქ საერთოდ არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, რადგან ინგლისელი ამერიკელს თავის კულტურას ახლოსაც არ გააკარებს. ამერიკული წესია სუბორდინაციის მოშლა: თითქმის არცერთ ოფისში აღარ არსებობს უფროსის კაბინეტი, ყველა თანამშრომელი ერთ დიდ დარბაზში ზის და, შესაბამისად, ურთიერთობებშიც აღარ არსებობს ზღვარი. ახლახან ოქსფორდში ამერიკელების მიერ მოწყობილ ქართულ არქეოლოგიურ გათხრებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე მივედი. სახტად დავრჩი, როცა თქვეს, გორის წარმოშობა და ქალაქის დაარსების თარიღი საეჭვოაო. მერე შევიტყვე, თურმე მათ „ბრითიშ პეტროლეუმი“ აფინანსებდა და ვითომ არქეოლოგიას იკვლევდნენ. სინამდვილეში კი ნავთობს ეძებენ საქართველოში. იპოვიან ნავთობის საბადოს და არ შეატყობინებენ მთავრობას. ხელსაც ვერ შეუშლი. გეტყვის, რომ არქეოლოგიურ გათხრებს უშლი ხელს... ამერიკელი არ გაგინაღმავს, არ გაგითხრის, არ გასწავლის, თუ ამისგან სარგებელს არ მიიღებს. ცხინვალში ამერიკელ გამნაღმველს 10000 დოლარი ჰქონდა, ქართველს – 800 დოლარი, მაშინ, როცა აშშ-შიც კი 10000 დოლარი ძალიან მაღალი ხელფასია...
– მაშინ რატომ ჩამოვიდა საქართველოში 10000 მასწავლებელი უხელფასოდ სამუშაოდ? – იმიტომ, რომ ისინი არიან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების აგენტები, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ ე.წ. რაპორტს თავიანთ ქვეყანაში. ისინი გამოგზავნეს იმისთვის, რომ შეცვალონ კულტურა, რელიგია, ფასეულობები; დანერგონ თავიანთი ცხოვრების წესი და კულტურა. მათი ღირებულებები კი არაფერში გვარგია. აბა, დააკვირდით, ამერიკელი სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად არავის გამოუშვებს 2–3 წელიწადზე მეტხანს, რადგან იცის, ამაზე მეტი დროის გატარება სხვა ქვეყანაში უკვე მენტალიტეტის შეცვლას ნიშნავს! ეს პროგრამა არის დიდი ტყუილი, რადგან არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც იმდენი ფული აქვს, რომ უანგაროდ დაგეხმაროს. წარმოიდგინეთ, მოხალისე კანადელი მასწავლებლები იცხოვრებენ ჩვენი მოქალაქეების ოჯახებში და სკოლის შემდეგაც ექნებათ ურთიერთობა არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ მათ მშობლებთანაც. შედეგად, ქართველი ბავშვის ფსიქიკა, მენტალიტეტი და ღირებულებები ისე შეიცვლება, რომ მშობელი მასთან საერთო ენას ვეღარ გამონახავს. ისინი ერთმანეთს გაუუცხოვდებიან, სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენლები იქნებიან. მამათა და შვილთა კავშირი გაწყდება.
თანაც, არ დაიჯეროთ, რომ ეს პედაგოგები უხელფასოდ იმუშავებენ. ყოველდღიურ სამივლინებო თანხას ხომ მაინც აძლევენ?! ეს კი, მერწმუნეთ, ნებისმიერი ქართველი მასწავლებლის მიერ თვიურად გამომუშავებულ თანხაზე გაცილებით მეტი იქნება. ამასთან, ისინი შეასრულებენ საკუთარი ქვეყნის მიერ დავალებულ საქმეს, რასაც ქართველ საზოგადოებაზე ზეგავლენა ჰქვია. – ჩვენი მთავრობა რატომ არის ამით დაინტერესებული? – დღეს ქართველი არაფერზე რეაგირებს, რადგან წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება. ინგლისელებს ბევრჯერ უკითხავთ მიხეილ სააკაშვილზე – ის კიდევ თქვენი პრეზიდენტიაო? არა მგონია, სააკაშვილმა არ იცოდეს, რასაც აკეთებს. უბრალოდ, „გამოჭერილი“ ჰყავთ და ეს არის.