საზოგადოება
78 თუ 22? NDI საქართველოში სტოლტენბერგის ვიზიტისა და ნატოს მორიგი სწავლების ჩატარებისთვის ფონს ამზადებს - საქინფორმი

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 78 პროცენტისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ნატოს წევრი.

შეკითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატოს წევრი, 78% პასუხობს, რომ „მისაღებია“, 13%-სთვის „მიუღებელია“, ხოლო შეკითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ 9%-მა მიუთითა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიას 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს. კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,1 პროცენტია.

NDI-ს კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

საქინფორმი: საქართველოში NDI-ს და IRI-ს გაყალბებული „სოცგამოკითხვების“ მეთოდებსა და ამოცანებზე საქინფორმს მრავალჯერ დაუწერია. როგორც წესი, ისინი საზოგადოებრივ აზრს კი არ ასახავენ, არამედ ქვეყანაში დამკვეთის - სპონსორისთვის სასურველი ვითარების მოდელირებას ახდენენ. მოცემულ შემთხვევაში - ეს გახლავთ საქართველოში ნატოს გენერალური მდივნისა და სარდლობის მარტში დაგეგმილი ვიზიტის და ნატოს მორიგი სწავლებისთვის ფონის მომზადება, რომელშიც, როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, „არანაკლებ 17 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას“.

საქინფორმი არც ტექნიკურ შეცდომას გამორიცხავს - რომ ნატოს წევრობას გამოკითხულთა 22% მიემხრო, ხოლო 78% წინააღმდეგია, რაც რეალობას უფრო შეესაბამება.