უცხოეთი
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი საქართველოდან

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა „აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა „კვირის მთავარი“ საუბრისას, 27 იანვარს, განაცხადა, რომ რუსეთმა თავისი ჯარი უნდა გაიყვანოს საქართველოდან. ამერიკელი დიპლომატის აზრით, ამ საკითხზე მოლაპარაკება უნდა განახლდეს და საქართველომ აღადგინოს სრული კონტროლი თავისტერიტორიაზე.

ელჩის მოვალეობის შესრულებლი თქმით, აშშ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არ ცნობს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, ასევე, არ ცნობს სხვა სახელმწიფოს სურვილს, განალაგოს თავისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიაზე.

უილსონი ფიქრობს, რომ ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონფლიქტის მოგვარება და ეს ახალი თავის დასაწყისი იქნება საქართველოსა და მთელი რეგიონის ცხოვრებაში.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრისას უილსონმა განაცხადა, რომ დეზინფორმაცია საქართველოს მედია საშუალებებიდან კი არ მოდის, არამედ, გარეშე ძალების მხრიდან. ელჩი ფიქრობს, რომ დეზინფორმაცია მოდის რუსეთიდან, რომელიც ცდილობს შეარყიოს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები, ზიანი მიაყენოს ქვეყანას.

„აჭარის ტელევიზიის“ შეკითხვაზე „ცილისწამების კონტროლის“ ინიციატივის გარშემო, როს უილსონმა უპასუხა, რომ ამერიკასა და ევროპაში ამაზე განსხვავდება პოზიციები აქვთ. აშშ-ის კანონების მიხედვით, თითქმის შეუძლებელია ვინმეს პასუხისმგებლობაში მიცემა, საჯარო პირებისა თუ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილე პირების შეურაცხყოფისა თუ ცილისწამების გამო, თქვა უილსონმა. ევროპელები ნაკლებ მნიშვნელობას არ ანიჭებენ გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ცილისწამებასთან დაკავშირებით, განაცხადა უილსონმა, საკანონმდებლო სივრცე მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკაში დამკვიდრებული პრაქტიკისაგან. ამდენად, ჩვენ და ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ვინც საქართველოში ვიმყოფებით და ვცდილობთ საქართველოს დავეხმაროთ, შესაძლოა, განსხვავებული რეკომენდაციები გვქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და დასძინა, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებმა, დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ რჩევებს, რომლებსაც მათ ამერიკელი თუ ევროპელი კოლეგები აძლევენ.

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას. საქართველოში დღეს არსებული ვითარება ამ მხრივ, ნამდვილად დასაფასებელია და იგი ძირეულად განსხვავდება 30 წლის წინანდელი მდგომარეობისგან, განსხვავდება იმ ვითარებისგან, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში დღესაც არსებობს. ეს საქართველოს მთავარი ღირებულებაა, განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა და იმედი გამოთქვა, რომ როცა პარლამენტი განიხილავს ამ საკითხს, ამას აუცილებლად გაითვალისწინებს.

radiotavisupleba.ge