პოლიტიკა
ვენესუელის სცენარი საქართველოსთვის: რა ჩაიფიქრა სააკაშვილმა

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ხელისუფლების 72 საათში შეცვლას აპირებს.

მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა 2013 წლის ნოემბერში, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.

იმ წუთში, როცა მე ჩავთვლი, რომ საქართველოს აქტიური ნაწილი და ოპოზიცია არის მზად, უზრუნველყოს ჩემი 72-საათიანი თავისუფალი გადაადგილება საქართველოში, მე გავჩნდები საქართველოში. ეს არის სცენარი მშვიდობიანი გზით მათი (ხელისუფლების) მოშორების", - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში.

როგორც მან დასძინა, იგი ყოფილ პრემიერს, მმართველი პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ებრძვის.

როდესაც გიჟებმა საგიჟეთში ჩაკეტეს ექიმები, საქართველოს ხელისუფლება მაგას მაგონებს, და თამაშობენ ექიმობანას. ახლა მთავარია ამ გიჟების განეიტრალება ტრაგედიების გარეშე, მსხვერპლის გარეშე და ძალადობის გარეშე", - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

სააკაშვილმა თავის მომხრეებს მოუწოდა, 10 თებერვალს ქართველების მსოფლიო კონგრესი ჩაატარონ.

ამასთან, სააკაშვილი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერების გამოცდილების გაზიარებას აპირებს, რომლებიც, მისი თქმით, წლობით მუშაობდნენ მრავალ ქვეყანაში, რათა ვენესუელაში რეჟიმი შეეცვალათ.

ქართველმა პუბლიცისტმა არნო ხიდირბეგიშვილმა რადიო Sputnik-ის ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილი ცდილობს, საზოგადოებას თავისი თავი შეახსენოს.

ეს სააკაშვილის პიარია. მთელი მისი სიტყვა სპექტაკლი იყო. ის ყველამ დაივიწყა და ცდილობს, რომ თავისი თავი ყველას გაახსენოს. ქულებს იწერს - მაგალითად, ფრაზა, რომ საქართველოში ათი მილიარდის ინვესტიციების შემოტანა შეუძლია. ეს, უბრალოდ, მოსახლეობის უპატივცემულობა და მოსახლეობის მოსყიდვაა. სააკაშვილმა დაასახელა თანხა, რომელიც დაახლოებით ორჯერ აღემატება ივანიშვილის ქონებას", - განაცხადა ხიდირბეგიშვილმა.

ექსპერტის აზრით, სააკაშვილს დაბრუნება არ შეუძლია, რადგან ის ბრალდებულია.

სპექტაკლი, რომელიც მან Rustavi 2-ის ხელმძღვანელობასთან ერთად მოაწყო, მოსახლეობის დაბალ, პოლიტიკურად გაუნათლებელ ფენაზეა გათვლილი და ეს გაკეთდა საარჩევნო კამპანიის წინა პერიოდში, რომელიც მათ უკვე დაიწყეს, სანამ მმართველი პარტია აჭიანურებს და შიდა გარჩევებით არის დაკავებული", - განაცხადა ექსპერტმა.

საქინფორმი: საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება. ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სააკაშვილმა არა მხოლოდ მიანიშნა რევოლუციურ სცენარზე საქართველოში, როგორც ვენესუელაში, რომლის ოპოზიციის ლიდერებს თითქოსდა „ახლოს იცნობს“, არამედ არაკორექტული პარალელები გაავლო ცოტა ხნის წინანდელ მოვლენებთან სომხეთში, რითაც არა იმდენად ოფიციალური ერევანის, რამდენადაც საქართველოში მცხოვრები დაახლოებით ნახევარი მილიონი სომხის მიმხრობის იმედი ჰქონდა.