პუბლიკაციები
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებენ

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებენ. რუსეთის მსგავსად ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო წარმომადგენლები მოვლენებში აშშ-ს ადანაშაულებს.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი გმობენ ვენესუელის შიდა საქმეებში ჩარევას და ნიკოლას მადუროს კანონიერ პრეზიდენტს უწოდებენ.

მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა სამხრეთ ოსეთისე დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ვენესუელის საკითხზე აშშ-ს განცხადებებს ისინი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევენ.

ვენესუელა იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. დე ფაქტო პრეზიდენტები 11 იანვარს მადუროს ინაუგურაციასაც დაესრწნენ.

23 იანვარს ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ თავი პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა. ოპოზიციის ლიდერი დაპირდა ხალხს, რომ დაასრულებს ძალაუფლების უზურპაციას, ჩამოაყალიბებს გარდამავალ მთავრობას და ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ვენესუელა ფართო საზოგადოებრივმა პროტესტმა მოიცვა. მოსახლეობა ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიმდინარე საპროტესტო აქციებს 16 ადამიანი ემსხვერპლა. პროტესტების ახალი ტალღა ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდაცვის სამინისტრომ შეუმდგარი სამხედრო გადატრიალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მოძრაობას სათავეში, სწორედ ხუან გუაიდო ჩაუდგა, რომელიც აქტიურად მოუწოდებდა მის მხარდამჭერებს ებრძოლათ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ.

ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად ხუან გუაიდო პირველად აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა. სპეციალურ განცხადებაში ტრამპმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ლეგიტიმური მმართველი ახლა გუაიდოა და არა ნიკოლას მადურო.

სპეციალური ვიდეო მიმართვა გაავრცელა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმაც. პენსმა ნიკოლას მადურო დიქტატორად მოიხსენია და ვენესუელის მოსახლეობას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

შტატების შემდეგ მსგავსი განცხადება გაავრცელეს კანადამ, კოლუმბიამ, პერუმ, ბრაზილიამ, არგენტინამ, ჩილემ, პარაგვაიმ, ბოლივიამ, ეკვადრომა, პანამამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, კოსტა-რიკამ და საქართველომ.

მადუროს მხარდაჭერა თურქეთმა, რუსეთმა, კუბამ, ბოლივიამ და ჩინეთმა გამოუცხადეს. მექსიკამ კი მოუწოდა ვენესუელელებს ქვეყნის ხელისუფლება კანონიერი გზით აირჩიონ.