საზოგადოება
საქართველო არის უმსხვილესი ეკონომიკური პლატფორმების დამაკავშირებელი ხიდი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსში

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ისტორიული ფესვები ევროპულია და მომავალი ხედვაც ევროპულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსში განაცხადა, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში სახელწოდებით – ევრაზია ახალ გლობალურ კონტექსტში.

პრემიერ-მინისტრმა რეგიონის პოტენციალზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონის მნიშვნელოვანი დერეფანია.

ვფიქრობ, აუდიტორიისთვის მოულოდნელი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ რეგიონს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი. საქართველო ემსახურება ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას. ჩვენ ვართ დერეფანი ამ მნიშვნელოვანი რეგიონისთვის. მჯერა, უახლოეს წლებში რეგიონი გახდება მთავარი მამოძრავებელი ძალა მთელი კონტინენტის ეკონომიკური ზრდისთვის. რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ ხდება გარკვეული რყევები, თუმცა დარწმუნებული ვართ, რეგიონის ეკონომიკური პერსპექტივა ნამდვილად ძალიან ნათელია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო ბუნებრივად არის კანდიდატი, გახდეს რეგიონული ჰაბი ბიზნესის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის სფეროში და სწორედ ამიტომაც ხორციელდება მასშტაბური ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში.

ჩვენ საკუთარ თავს განვიხილავთ ევროპასა და აზიას შორის ხიდად. ჩვენი ისტორიული ფესვები ევროპულია და მომავალი ხედვაც ევროპულია, თუმცა, ამავე დროს, საქართველო მდებარეობს ცივილიზაციების გზაგასაყარზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, თავს ხიდად განვიხილავთ. გვინდა, ხელი შევუწყოთ სავაჭრო ბრუნვის ზრდას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დისკუსიაზე მან განმარტა, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობა აქვს როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან.

მე ვხედავ აქ თანამშრომლობას, არ განვიხილავ ჩინეთსა და ევროკავშირს, როგორც ორ დიდ კონკურენტს. რა თქმა უნდა, საქართველოს, ქვეყანას, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები და ევროპული ხედვა, შეუძლია, ითამაშოს მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი როლი ამ სინერგიაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და განაცხადა, რომ საქართველო არის უმსხვილესი ეკონომიკური პლატფორმების დამაკავშირებელი ხიდი.

დისკუსიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად Sun group-ის ვიცე პრეზიდენტი შივ ვიკრა ხემკა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ვალი ნასრი, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაისლი, ასევე EBRD-ის პრეზიდენტი სუმანტრა ჩაკრაბარტი მონაწილეობდნენ.