პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ერთობლივი სტრატეგიული ობიექტები განიხილეს (ვიდეო)

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ქართულმა მხარემ შეხვედრები დაიწყო. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.

დაგეგმილია პოლიტიკური და ეკონომიკური შინაარსის შეხვედრები. ქართული მხარის მთავარი მიზანი მეტი ინვესტიციის მოზიდვაა. საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა (ვიდეო იხ. აქ).

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის კიდევ უფრო ზრდის პერსპექტივასა და საქართველოსა და აზერბაიჯანის ბიზნესებს შორის კავშირების მეტად გააქტიურებაზე.

ხაზი გაესვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და იმ პოტენციალს, რომელიც, ცენტრალური აზიიდან ტვირთების მოზიდვის თვალსაზრისით, როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში არსებობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრეს TANAP-ის პროექტის შესახებ, ასევე ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო აქტიურად გამოყენების აუცილებლობაზე. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით.

"აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ გვაქვს ურთიერთმხარდაჭერა ყველა დონეზე. როგორც ცნობილია საქართველო აზრებაიჯანთან ერთად ჩართულია არაერთ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტში. ამ პროექტებს აქვთ გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. მსოფლიოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით აუცილებელია, ჩვენ გვქონდეს კოორდინირებული მიდგომა აქტუალურ საკითხებთან მიმართებით", - განუცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.