აქტუალური
იენს სტოლტენბერგი საქართველოს მარტში ეწვევა

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს მარტში ეწვევა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მარტში ჩამოვალ საქართველოში და ველოდები ამ მომენტს. ვიცი, რომ საქართველო ძალიან ლამაზი და სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ჩვენი მიზანია კიდევ ერთხელ საქართველოს მთავრობასთან და ლიდერებთან საუბარი პარტნიორობაზე. ნატოს წვრთნებსაც დავესწრები. ჩვენი გზავნილია, რომ პარტნიორობა ძლიერდება. ეს სასარგებლოა როგორც ნატოსთვის, ისე საქართველოსთვის. წვრთნები იქნება მიმართული ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ეს ხაზს უსვამს საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის მნიშვნელობას. ივლისის სამიტზე გავიმეორეთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ეს არის ყველა სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს უფლება და საქართველოსაც აქვს უფლება, გაწევრიანდეს ნატოში. საქართველომ და ალიანსის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ როდის მოხდება ეს და სხვა არავის ექნება ამ პროცესში ჩარევის უფლება. ჩვენ არასდროს შევეგუებით, თუ დიდი ერები, მაგალითად რუსეთი, თავისი ინტერესების სფეროს დამკვიდრებას ეცდებიან. მათ მსგავს საკითხებში გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ექნებათ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში შეხვდა.