აქტუალური
ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი Guangzhou Automobile Group საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი Guangzhou Automobile Group წლის ბოლომდე საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და კომპანიის ხელმძღვანელის ენგ ცინ ჰონგის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ კომპანია ქვეყანაში არსებულ გარემოს შეისწავლის, რის შემდეგაც ინვესტიციის განხორციელებისა და ობიექტების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი Guangzhou Automobile Group-ის თავმჯდომარეს შეხვედრისას იმ ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატზე ესაუბრა, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს, ასევე გააცნო მთავრობის ინიციატივა, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ კომპანიები, რომლებიც თავიანთ რეგიონულ წარმომადგენლობებს საქართველოში გახსნიან.

საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა კომპანიასთან წარმატებული თანამშრომლობის იმედი.

Guangzhou Automobile Group ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელია, რომელსაც 84 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჯგუფი აწარმოებს სამგზავრო და კომერციულ სატრანსპორტო საშუალებებს, მოტოციკლებს, საავტომობილო ნაწილებს, ასევე, საქმიანობს ფინანსურ და სადაზღვევო სფეროში.

კომპანიის საბაზრო კაპიტალის მოცულობა 18 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.