პოლიტიკა
რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებს ჩვენ დემოკრატიის კონსოლიდაციით ვუპასუხებთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსში

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულ ნაბიჯებს დგამს. ჩვენი პასუხი კი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაცია და ეკონომიკის მდგრადი განვითარების დაჩქარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსში განაცხადა.

მამუკა ბახტაძეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე – ევრაზია ახალ გლობალურ კონტექსტში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე რუსეთის როლზე ჰკითხეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპულ ოჯახში გაწევრიანება საქართველოს ცივილიზაციური არჩევანია.

სამწუხაროდ, რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი. რუსეთი დგამს აგრესიულ ნაბიჯებს საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის დემოკრატიის კონსოლიდაცია და ეკონომიკის მდგრადი განვითარების დაჩქარება. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს საერთაშორისო მისწრაფებებზე, გუშინ მოვისმინე, ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა, რომ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება საქართველოს პოლიტიკური არჩევანია. ეს არ არის საუკეთესო პასუხი ამ კითხვაზე. ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი ფესვები ევროპულია და ჩვენი მომავლის ხედვაც ევროპულია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, პრემიერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება რეგიონის ინტერესებშია, რადგან რეგიონი უფრო პროგნოზირებადი და მდგრადი გახდება.

რეგიონს სჭირდება სტაბილურობა. მას გააჩნია ყველა ეკონომიკური წინაპირობა, რომ იყოს ძალიან წარმატებული. ვფიქრობ, საქართველო აჩვენებს თავისი რეფორმებით, რომ ჩვენ შევძელით, ქვეყანა გვექცია თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ კანონის უზენაესობითა და მრავალი მიღწევით, რასაც საერთაშორისო რეიტინგები ადასტურებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამავე დროს, საქართველომ აჩვენა, რომ უსაფრთხოების, სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის უზრუნველყოფა შეუძლია.

შესაძლოა, გქონდეს შესანიშნავი საგადასახადო რეჟიმი, თუმცა თუ გაქვს პრობლემები სტაბილურობასთან, ინვესტორი შენს ქვეყანაში არ შემოვა. ვფიქრობ, ჩვენი მისწრაფებები, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ემსახურება რეგიონის ინტერესებს, რადგან ეს დაეხმარება რეგიონს, ეკონომიკური პოტენციალი გამოიყენოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.