პუბლიკაციები
განხეთქილება რასკოლნიკებს შორის, ანუ ფილარეტის ახალი კურიოზები - საქინფორმი

 საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ხნის წინ ანათემას გადაცემული ყოფილი ეგზარქოსი, ამჟამად კი მოქალაქე ფილარეტ დენისენკო, რომელმაც გასულ კვირას თავი ისევ „კიევისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად“ გამოაცხადა, არ დაკმაყოფილდა „საპატიო პენსიით“ - ახალი არაკანონიკური „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ „საპატიო პატრიარქის“ წოდებით და ერთმანეთზე უფრო სკანდალური განცხადებების გაკეთებას განაგრძობს, რითაც არა მხოლოდ სტამბოლის საპატრიარქოს მიერ ახლად დანიშნული „წინამძღვრის“ ეპიფანე დუმენკოს, არამედ თავად სტამბოლის პატრიარქ ბართოლომეოსის გაღიზიანებას იწვევს.

განაცხადა რა, რომ „კიევ-პეჩორის ლავრა არა რუსულ, არამედ უკრაინულ ეკლესიას უნდა ეკუთვნოდეს, რადგან ეს უკრაინული სიწმინდეა“, მან წარმოადგინა „იურიდიული სქემა“, რომლის მიხედვითაც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის - უკრაინაში ერთადერთი კანონიკური ეკლესიისთვის მის წართმევას აპირებს. „უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვით საძმო უნდა შეიკრიბოს და ხელახლა დარეგისტრირდეს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიად, მაგრამ ისინი, რა თქმა უნდა, ამას არ მოინდომებენ და ამგვარად დაკარგავენ იურიდიული პირის უფლებას და მათ კუთვნილ ეკლესიებს, მათ შორის - კიევ-პეჩორის და პოჩაევის ლავრებს“.

„ძალადობას აქვე უარვყოფთ, მხოლოდ კანონიერი მეთოდები“, განაცხადა ამასთან ფილარეტმა, მაგრამ ამის მიუხედავად, უკრაინაში ყოველდღე ხდება მართლმადიდებელი ტაძრების რეიდერული მიტაცება.

გარდა ამისა, მას ტომოსის ტექსტის გასწორება სურს, რადგან არ მოსწონს, რა დაარქვეს ახალ ეკლესიას - არც ავტოკეფალიის შესახებ ტომოსში დაფიქსირებული „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია“, არც ბართოლომეოსის მიერ შეთავაზებული „უკრაინის უწმინდესი ეკლესია“. „ეს არასწორი თარგმანია, რომელიც აუცილებლად უნდა გასწორდეს. უნდა ვთქვათ სწორად - „უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია“, - განაცხადა ფილარეტმა.

მაგრამ ყველაზე სკანდალური კურიოზი გუშინ მოხდა, როდესაც ფილარეტმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახალ უკრაინულ ეკლესიას კავშირი აქვს უკრაინის უშიშროების სამსახურთან: „ვურთიერთობთ, მაგრამ არაფერს ვუთანხმებთ. ჩვენ მათთან კონტაქტი გვაქვს, მაგრამ იმ КГБ-სა და ახლანდელ უშიშროების სამსახურს შორის კოლოსალური განსხვავებაა“, - განაცხადა ფილარეტმა და დასძინა, რომ თვითონაც, როგორც ყველა მღვდელმთავარი სსრკ-ის დროს, КГБ-სთან თანამშრომლობდა, „რომლის სანქციის გარეშე ეპისკოპოსი ვერავინ გახდებოდა“.

„დიახ, დღეს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი მიტროპოლიტი ეპიფანეა, მაგრამ მე უკრაინული ეკლესიის განვითარებაში მონაწილეობაზე უარს არ ვამბობ - როგორც სინოდის წევრი და როგორც პატრიარქი! მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის მე არაღიარებული პატრიარქი ვარ, მაგრამ უკრაინისთვის - პატრიარქი გახლავართ!“, - განმარტა დენისენკომ, რომელიც, როგორც საქინფორმი იუწყებოდა, არ მიიწვიეს არც სტამბოლში ტომოსის ხელმოწერაზე, არც კიევის წმინდა სოფიას ტაძარში, ტომოსის საზეიმო „პრეზენტაციაზე“.

საქინფორმი