საზოგადოება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს და საოკუპაციო რეჟიმებს საოკუპაციო ხაზების გახსნისკენ მოუწოდებს

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების მიერ 2019 წლის იანვრიდან საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმებს, დაუყოვნებლივ გახსნან .. გამშვები პუნქტები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რადგანაც, პირველ რიგში, ეს არის ჰუმანიტარული საკითხი და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ისეთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიც არის თავისუფალი გადაადგილება, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, შემაშფოთებელია ასევე ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, 2019 წლის თებერვლიდან ახალი დისკრიმინაციული ზომები აამოქმედოს ახალგორის რაიონის მოსახლეობისათვის, რომელიც გულისხმობს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების თავისუფალი გადაადგილების დამატებით შეზღუდვას. ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე სრულად არიან ინფორმირებული ჟენევის თანათავმჯდომარეები.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, მშვიდობიანი და დიპლომატიური ძალისხმევით მიაღწიოს ადგილზე მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას და ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფას.