რელიგია
განხეთქილება რასკოლნიკებს შორის: მოქალაქე ფილარეტ დენისენკომ თავი კიევისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად გამოაცხადა!

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. ერთთვიანი პაუზის შემდეგ ყოფილი კიევის საპატრიარქოს ლიდერმა ფილარეტმა (დენისენკო) თავის თავს ისევ კიევისა და სრულიად რუსეთ-უკრაინის პატრიარქი უწოდა! მან კურთხევა გასცა, რომ სწორედ ასე მოიხსენიონ უკრაინის ახლად შექმნილი ეკლესიის ღვთისმსახურებების დროს, რაც პროტოდიაკონ ანდრეი კურაევის ბლოგში გამოქვეყნებული განკარგულებიდან გამომდინარეობს (იხ. ფოტო). ფილარეტის კვალდაკვალ, დოკუმენტის თანახმად, უნდა მოიხსენიონ ამ ეკლესიის ფორმალური მეთაური ეპიფანეც (დუმენკო). მეტსაც გეტყვით - ახალ არაკანონიკურ საეკლესიო სტრუქტურას ფილარეტი „უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას“ უწოდებს და არა „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას“, როგორც რასკოლნიკებმა დაადგინეს, და არც „უკრაინის უწმინდეს ეკლესიას“, როგორც ბართოლომეოს სტამბოლელმა ბრძანა და როგორც ჩაწერილია სტამბოლის საპატრიარქოს მიერ მინიჭებულ ტომოსში ავტოკეფალიის შესახებ, თავად დოკუმენტი კი ყოფილი კიევის საპატრიარქოს ბლანკზეა დაბეჭდილი.

საქინფორმი შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 15 დეკემბერს ფილარეტი, კონსტანტინოპოლის დაჟინებული მოთხოვნით, პატრიარქის ტიტულის დათმობას დათანხმდა, თუმცა ახლად შექმნილი ეკლესიის საპატიო სულიერი მოძღვრის ტიტული დაიტოვა. ამ დღეებში კონსტანტინოპოლის ეგზარქოსმა არქიეპისკოპოსმა დანიელმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ფილარეტი ახალი ეკლესიის ხელმძღვანელობას არ ჩამოშორდა და ეპიფანეს მთელი ძალით ფრთების გაშლის საშუალებას არ აძლევს.