საქართველოს ლეიბორისტული პარტია, რომლის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროინტეგრაცია და უნივერსალური ევროპეიზაცია, ცხადია, მიესალმება ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის ამოქმედებას, მაგრამ, ამასთან, დღეს სპეციალური განცხადებით მიმართავს ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურებს და საგარეო საქმეთა მინისტრებს, აგრეთვე, ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რათა არ აამოქმედონ რეადმისიის ხელშეკრულება, რომელიც, ასევე, დღეიდან შედის ძალაში და, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, იძულებით და დეპორტაციის გზით ჩამოიყვანოს ევროკავშირის ქვეყნებში ლუკმაპურის საშოვნელად გადახვეწილი ჩვენი მოქალაქეები.
ასეთი ვალდებულების აღება და მისი განხორციელება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ცხადია, დანაშაულის ტოლფასია, რადგან, ზოგადად, ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობა და უმძიმესი სოციალური ფონია. უფრო მეტიც, საქართველო სოციალური აფეთქების ზღვარზე იმყოფება.
დღეს გაგზავნილი სპეციალური მიმართვით ჩვენ კიდევ ერთხელ გავაცნობთ ევროპის სახელმწიფოთა მეთაურებს საქართველოში არსებულ რეალურ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას.
მიმართვაში აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს ტოტალური უმუშევრობაა და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკა უმუშევრობას 19-20%-ით განსაზღვრავს (რაც დასაშვებ ზღვარზე ორჯერ მეტია), რეალურად იგი, სულ მცირე, 50-70%-ია.
ქვეყანაში მოქმედებენ ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი ტოტალური მონოპოლიები. შესაბამისად, არ ვითარდება თავისუფალი ბიზნესი და არ იქმნება და არ შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.
საქართველოში, ძირითადად, დასაქმებულნი არიან სახელმწიფო დაწესებულებებსა და ძალოვან სტრუქტურებში ან მოქალაქეთა დასაქმება ხდება მმართველი პოლიტიკური პარტიის კუთვნილების ნიშნით.
მომსახურების სფერო და ჯერ კიდევ მოქმედი საერთაშორისო ეკონომიკური პროგრამები საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მხოლოდ უმცირესი ნაწილია.
ხელისუფლება დასაქმებისა და სოციალურ პროგრამებს მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, ისიც, მხოლოდ ერთი თვით განსაზღვრავს და პიარზეა გათვლილი.
ყოველდღიურად იზრდება ფასები საკვებ პროდუქტებზე, მათ შორის, პირველადი მოხმარების საკვებზე.
ზოგადად, ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია. უფრო მეტიც, საქართველო სოციალური აფეთქების ზღვარზეა.
ასეთ პირობებში უცხოეთის ქვეყნებში ლუკმაპურის საშოვნელად წასული ჩვენი მოქალაქეების დეპორტაცია და იძულებით დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის ტოლფასია.
გარწმუნებთ, ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს მათ სოციალურ დახმარებასა და დასაქმებას.
კიდევ ერთხელ დაბეჯითებით გთხოვთ, არ აამოქმედოთ დღეიდან ძალაში შესული რეადმისიის ხელშეკრულება.