აქტუალური
ქართველ მოჭიდავეს ოლიმპიური მედალი ჩამოართვეს

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს სახელით მოასპარეზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილს (–120 კგ) ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლი ჩამოართვა. ოლიმპიადაზე ბრინჯაო რუსმა ბილიალ მახოვმა მოიპოვა, ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოძმანაშვილს ჯილდო დოპინგის საწინააღმდეგო წესების დარღვევის გამო ჩამოერთვა მას შემდეგ, რაც თამაშების მონაწილე სპორტსმენების სინჯები ხელახლა შეამოწმეს. სპორტსმენის სინჯში აღმოაჩინეს აკრძალული ნივთიერება დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი.

მისი შედეგები ოლიმპიადაზე გაუქმებულია, მან მედალი უკან უნდა ჩააბაროს.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (უზბეკეთის ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობის აუცილებლობიდან გამომდინარე) უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ამოქმედდა.

ლონდონის თამაშებზე მახოვმა მოძმანაშვილმთან ნახევარფინალში წააგო. ამჟამად მოძმანაშვილი უზბეკეთს წარმოადგენს.

მოძმანაშვილის აქტივშია ასევე 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო.