უცხოეთი
სილვიო ბერლუსკონი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

თებერვალში დაგეგმილ იტალიის ადმინისტრაციულ არჩევნებთან დაკავშირებით, სარდინიაზე გამართულ პარტიულ შეხვედრაზე ბერლუსკონიმ თქვა, რომ გადაწყვეტილება ევროპაში მოსახლეობის ინტერესების მეტად გათვალისწინებისთვის მიიღო.

82 წლის პოლიტიკოსი ამჟამად პარტია „წინ, იტალიას“ ლიდერია.

„ჩემი ცოდნით, გამოცდილებითა და დარწმუნების უნარით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი როლის თამაში შემიძლია. ევროპის მოქალაქეებს ავუხსნი, რომ დასავლური ღირებულებებისგან დაშორების რისკის წინაშე ვართ“, – განაცხადა ბერლუსკონიმ.

სილვიო ბერლუსკონი ხელისუფლებაში პირველად 1994 წელს მივიდა და იტალიის მთავრობას სამჯერ უხელმძღვანელა.

1tv.ge