საზოგადოება
დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე ცხრასართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე, ოთხშაბათს ღამით მოხდა. აფეთქებამ ოთხი ადამიანი, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი იმსხვერპლა. დაშავებულია რვა ადამიანი, მათ შორის, ექვსი ბავშვი. ამ დროისთვის ყველა მათგანი საავადმყოფოებიდან გაწერილია, გარდა ერთი გოგონასი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა.

ჩვენთან ექვსი ბავშვი შემოიყვანეს, ხუთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე გავწერეთ კლინიკიდან. საავადმყოფოში ოთხი წლის გოგონა რჩება, რომელსაც გუშინ ღამით თავზე ოპერაცია გავუკეთეთ. მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადეს იაშვილის კლინიკაში.

აფეთქების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა, ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანიაყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი ხარვეზი. ეს კომპანიაში უკვე დადასტურეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240- პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დამნაშავეებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.