საზოგადოება
„აფეთქების ტალღამ გადამაგდო“ – თვითმხილველები დიდ დიღომში აფეთქების შესახებ

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილისა და ვეფხისტყაოსნების ქუჩის გადაკვეთაზე ოთხშაბათს საღამოს, ახლად აშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს ათამდე დაშავებული – უმეტესობა ბავშვები. მათი უმრავლესობა ამ დროისთვის უკვე გაწერილია. კლინიკაში რჩება ერთი ბავშვი, რომელსაც ღამით რთული ოპერაცია ჩაუტარდა.

17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კორპუსის მეორე სართულზე ვცხოვრობ, სადაც აფეთქება მოხდა. იმ მომენტში ფანჯარასთან ვიდექი, მინები აფეთქებისგან სახეში შემომეყარა, აფეთქების ტალღამ უკან გადამაგდო“, – იხსენებს ირაკლი დვალიშვილი.

მისი თქმით, აფეთქების შედეგად ორივე ლიფტი ჩაინგრა. ეს სახლი ექსპლუატაციაში 2018 წლის ბოლოს ჩაუშვეს.

კორპუსი რომ უხარისხოდ ყოფილიყო აშენებული, ამ აფეთქების შემდეგ მისგან საერთოდ არაფერი დარჩებოდა“, – აღნიშნა ამ კორპუსის სხვა მცხოვრებმა, სახელად გიორგიმ.

მისი თქმით, ამ კორპუსში დაახლოებით 80 ბინაა გაყიდული.

გვიან ღამით ადგილობრივი მცხოვრებლები სათითაოდ შეუშვეს ბინებში, რათა აუცილებელი ნივთები გამოეტანათ, უმეტესად, ტანსაცმელი, მაგრამ მათ სხვა ნივთებიც სჭირდებათ.

აფეთქების შემდეგ ევაკუაცია მეზობელი კორპუსიდანაც განხორციელდა, მაგრამ მხოლოდ იმ ბინებიდან, რომლებიც აფეთქების დროს დაზიანდა. თბილისის მერიამ სასტუმროებში 27 ადამიანი განათავსა – ისინი, ვინც დახმარება ითხოვა.

რა მოხდა?

აფეთქების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა, ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი ხარვეზი. აფეთქება შემოწმებიდან რამდენიმე საათში მოხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დამნაშავეებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქმის ფარგლებში უკვე დაჰკითხეს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ თანამშრომლები.

Sputnik