პოლიტიკა
ევროკავშირი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საქართველოს 3,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საქართველოს 3,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამ თემაზე ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის 13 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას ილაპარაკა, იუწყება პირველი არხი.

ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია მიზნად გვაქვს დასახული. ეს ფინანსური დახმარება სწორედ ამას გულისხმობს. ჩვენი ბოლო უმაღლესი დონის შეხვედრის დროს, რომელიც გასული წლის 21 ნოემბერს გაიმართა, ერთ-ერთი საკითხი ესეც გახლდათ. უკვე აღნიშნული იყო, რომ ამ ფინანსური დახმარებიდან 3,5 მილიარდი ევრო გათვალისწინებული იქნებოდა საქართველოსთვის. რამდენიმე ათეული მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც სწორედ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს და ევროკავშირის ამ ნაბიჯს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.