პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს რიჩარდ ფერანს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება განათლებისა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე გამახვილდა. ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეას შორის აქტიური კავშირისა და ინტენსიური გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობას.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე ასევე შეეხნენ დიმიტრი ამილახვარის პოლიტიკური დიალოგის ფორმატსაც, სადაც ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად კონკრეტული ინიციატივები იქნება განხილული.

„საუბარი გვქონდა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე, როგორც პოლიტიკურ განზომილებაზე, ასევე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ განათლების, კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. გვქონდა ძალიან თბილი, საინტერესო შეხვედრა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს შეხვედრა დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. ვისაუბრეთ დიმიტრი ამილახვარის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას და ამ ფორმატში განიხილება ყველა კონკრეტული ინიციატივა, რომლითაც ჩვენ გავამყარებთ ურთიერთობებს საფრანგეთსა და საქართველოს შორის და ეს ხელს შეუწყობს, ასევე, პარლამენტებს შორის ურთიერთობების განვითარებასაც“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, გიორგი კახიანი, დავით სონღულაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ. ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან შეხვედრით ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

1tv.ge