მძღოლების რევოლუცია მოდის
სამარშრუტო ტაქსების შემდეგ მერია კერძო ტაქსების მომსახურების კეთილმოწყობაზე ზრუნვასაც გეგმავს. როგორც „საქინფორმს“ კერძო ტაქსების მძღოლებმა აცნობეს, ამასთან დაკავშირებით ისინი უკვე გააფრთხილეს. კერძო ტაქსების ფუნქციონირების შესაძლო ტენდერის გამოცხადებაზე საუბრობენ საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლებიც. თუმცა მერიაში ამის შესახებ, რატომღაც, ინფორმაციას არ ფლობენ.
მძღოლების ინფორმაციით კი, მუშაობა რომ შეძლონ, მანქანის ტექნიკური მონაცემები სატენდერო პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ, ავტომანქანა 2000 წელს ან მას შემდეგ გამოშვებული უნდა იყოს. ავტომობილის ამ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ კი მძღოლს ყოველწლიურად მუშაობის ლიცენზიისთვის 1300 ლარის გადახდა მოუწევს. არადა, ამ პირობების დაკმაყოფილებას კერძო ტაქსების უმრავლესობა ვერ შეძლებს. როგორც მძღოლები აღნიშნავენ, ყოველწლიურად 1300 ლარის გადახდას ვერ მოახერხებენ. ისინი იძულებულნი იქნებიან, მუშაობა შეწყვიტონ, რაც ათასობით ოჯახის შემოსავლის გარეშე დარჩენას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, კერძო ტაქსების მძღოლები არ გამორიცხავენ, სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მსგავსად, საპროტესტო აქციები მოაწყონ.