აქტუალური
ბაზრობებსა და სავაჭრო ობიექტებში მომუშავეებს საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა უკვე მიაკითხეს. მათი ვიზიტის საფუძველი კი 2010 წლის ბოლოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებაა, რომლის თანახმად,
ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც უძრავ ქონებას ეხება, 2011 წლის 1 აპრილამდე საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის სავალდებულო გახდა იჯარების, ქირავნობებისა და, ზოგადად, ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობების რეგისტრაცია. ეს ცვლილება ბევრისთვის უცნობია. არადა, საკუთრება, უზუფრუქტი, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა, ქვექირავნობა, იჯარა, ქვეიჯარა, თხოვება, ლიზინგი, ანუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები, თუ 1 აპრილამდე რეესტრში არ იქნება აღრიცხული, ძალას დაკარგავს. სავალდებულო არ იქნება მხოლოდ ერთწლიანი იჯარის რეგისტრაცია.ინიციატივის მესვეურთა განმარტებით, ამგვარი ცვლილება განპირობებულია იმ აუცილებლობით, რომ სახელმწიფო, პირველ რიგში, უნდა იცავდეს მესამე პირის უფლებებს. უძრავი ქონების შემძენ პიროვნებას არ ჰქონდა ინფორმაცია, იყო თუ არა ქონება დატვირთული იჯარით, ქირავნობით, თხოვებით და სხვ. თუმცა ბაზრებსა და სავაჭრო ობიექტებში მომუშავეები აღნიშნავენ, რომ მთავრობა ამ გზით ბიუჯეტის შესავსებად ახალ საშუალებას ეძებს, რადგან ყოველი ასეთი გარიგების რეგისტრაცია 50 ლარი ღირს.