პოლიტიკა
პოლონეთის, სერბეთის, ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიებმა ახალი უკრაინული ეკლესიის მეთაურს საერო ადამიანი უწოდეს - არცერთმა მართლმადიდებელმა საადგილმამულო ეკლესიამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარა

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. „დღემდე არცერთ მართლმადიდებელ საადგილმამულო ეკლესიას ახალი უკრაინული საეკლესიო სტრუქტურა არ უღიარებია, თუმცა მისი გამოცხადებიდან უკვე ერთი თვე გავიდა“, - აღნიშნა უკრაინელმა პოლიტიკურმა ექსპერტმა ელენა დიაჩენკომ, იუწყება ТАСС კიევიდან.

„ოთხმა მათგანმა - პოლონეთის, სერბეთის, ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიებმა განაცხადეს, რომ უკრაინული საკითხი საადგილმამულო ეკლესიების წინამძღოლთა თათბირზე უნდა იქნეს განხილული და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს საერო ადამიანი უწოდეს“. ამასთან, დიაჩენკომ შეახსენა, რომ თავის დროზე მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს მიტროპოლიტ ონოფრეს მეორე დღესვე ყველა საადგილმამულო ეკლესიის მეთაურები მიესალმნენ.

„კონსტანტინოპოლისადმი დაქვემდებარება, წესდებისა და წინამძღოლის თანამდებობის შეცვლის შეუძლებლობა, აგრეთვე მირონის კონსტანტინოპოლიდან მიღება - ეს ყველაფერი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში მიტროპოლიის ნიშნებია და არავითარ შემთხვევაში - ავტოკეფალური ეკლესიის, როგორც შეპირებული იყო“, - აღნიშნა დიაჩენკომ გუშინ გამოქვეყნებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტომოსის ტექსტის კომენტირებისას და ხაზი გაუსვა, რომ „პატრიარქ ბართოლომეოსის დაპირებების მიუხედავად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია საადგილმამულო ეკლესიების დიპტიქში შეტანილი არ არის“.