საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში ვერ აკონკრეტებენ, როდის გაიხსნება მცხეთის ჯვრის მონასტერი

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ვერ აკონკრეტებს, როდის გაიხსნება მცხეთის ჯვრის მონასტერი.

არ ვიცით, როდის გაიხსნება ჯვრის მონასტერი. გადაწყვეტილება მიიღო მონასტრის წინამძღვარმა, მიზეზი არის მოუწესრიგებელი გარევაჭრობა, რომელიც იქ არასახარბიელო გარემოს ქმნის ტურისტებისთვის და დელეგაციებისთვის. გარევაჭრობამ მონასტრისთვის შეუფერებელი, ძალიან უსახური ფორმა მიიღო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მამა კონსტანტინეს არაერთგზის დაუყენებია ეს საკითხი, მაგრამ არ მოხერხდა ამის გადაწყვეტა და შემდგომ მიიღო ასეთი ზომები. მიჭირს პასუხი, რამდენად იყო მისი ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული საპატრიარქოსთან, ვინაიდან მე არ ვარ ქალაქში, თავად ჩემთვის ეს ფაქტი სიახლე იყო“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, რამდენად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა მონასტრის დაკეტვა, ჯაღმაიძე პასუხობს, რომ მამა კონსტანტინეს აზრს აუცილებლად გაითვალისწინებს საპატრიარქო.

მცხეთაში ჯვრის მონასტერი მღვდელმსახურებმა დაკეტეს.