საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მცხეთის ჯვრის მონასტერი გარევაჭრობის გამო დაიკეტა

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მცხეთის ჯვრის მონასტრის დაკეტვა გარევაჭრობას უკავშირდება.

როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, ტაძრის დაკეტვის მიზეზი არის მოუწესრიგებელი გარევაჭრობა, რომელიც ტურისტებისთვის არასახარბიელო გარემოს ქმნის.

გარევაჭრობამ მონასტრისთვის შეუფერებელი, ძალიან უსახური ფორმა მიიღო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მამა კონსტანტინეს არაერთგზის დაუყენებია ეს საკითხი, მაგრამ არ მოხერხდა ამის გადაწყვეტა და შემდგომ მიიღო ასეთი ზომები. მიჭირს პასუხი, რამდენად იყო მისი ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული საპატრიარქოსთან, ვინაიდან მე არ ვარ ქალაქში, თავად ჩემთვის ეს ფაქტი სიახლე იყო“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ჯვრის მონასტერში არც სასულიერო პირები იმყოფებიან და ტაძრის კარი დაკეტილია.

პირველი არხი მცხეთის მონასტერში ტურისტებთან ერთად მყოფ გიდს სალომე პეტრიაშვილს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მონასტერში ხშირად დაჰყავს ტურისტები.

დღეს ვესტუმრეთ წმინდა ადგილს, კარები დაგვხვდა ჩაკეტილი. ადამიანები გვეუბნებიან, რომ არ გვიშვებენ ტაძარში, რადგან ბერები გარევაჭრობას აპროტესტებენ. სხვადასხვა წყაროები გვეუბნებიან, რომ სამი დღის განმავლობაში ჩაკეტილი იქნება კარები. ჩვენთვის ძალიან ცუდია, რადგან ძალიან შორი ქვეყნებიდან ჩამოგვყავს სტუმრები, რომ ჩვენი წმინდა ადგილები ვანახოთ. არც ჩვენ და არც ჩვენ სტუმრებს არა აქვთ შესაძლებლობა, რომ მოვილოცოთ ტაძარი“, – განაცხადა სალომე პეტრიაშვილმა.