აქტუალური
VI საუკუნის შემდეგ პირველად მღვდელმსახურებმა ჯვრის მონასტერი დაკეტეს

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. მცხეთაში ჯვრის მონასტერი მღვდელმსახურებმა დაკეტეს.

როგორც პირველ არხს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგიტა კაპანაძემ განუცხადა, ჯვრის მონასტრის დაკეტვა მონასტრის წინამძღვრის თვითნებობაა და მსგავსი ფაქტი ისტორიას არ ახსოვს.

დღეს მონასტერი დაკეტილია, რაც ალბათ მეექვსე საუკუნის მერე არ მომხდარა. საქმის კურსში ჩავაყენე საპატრიარქო, სადაც ამ ფაქტის შესახებ არ იცოდნენ და მიპასუხეს, რომ საკითხში გაერკვევიან. მამა კონსტანტინეს მხრიდან მსგავსი გაფრთხილება იყო, რომ თუ მერია გარემოვაჭრეებს არ გაიყვანდა ტერიტორიიდან, მონასტერს დაკეტავდა. ეს კი მათი მხრიდან უსამართლო მოთხოვნაა, – აცხადებს გოგიტა კაპანაძე.

მისივე თქმით, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვა მონასტრის წინამძღვარის მამა კონსტანტინეს მოთხოვნაა.

როგორც გოგიტა კაპანაძემ განაცხადა, აღნიშნულ თემაზე მერიასა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრაც გაიმართა, თუმცა მღვდელმსახურებს მოთხოვნის მიზეზი არ განუმარტავთ.

სასულიერო პირები ზაფხულიდან ითხოვენ, რომ მონასტრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეები გავიყვანოთ, თუმცა ეს შეუძლებელია და ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. იქ დგანან ადამიანები, რომლებსაც სხვა შემოსავალი არ აქვთ და ისინი დგანან იმ ტერიტორიაზე, რომელიც არც მონასტერს ეკუთვნის და არც მუნიციპალიტეტსის არის სახელმწიფოს საკუთრება. მათი ვაჭრობით ხელს არავის უშლიან. როგორც იცით, მცხეთაში მშენებლობებზე არის მორატორიუმი, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ნებართვა მივცეთ ამ ადამიანებს, რომ მათ საკუთარ ეზოებში რამე ააშენონ ან ღობეები გახსნან და ისე ივაჭრონ, შესაბამისად, ვერ ხდება ალტერნატივის შეთავაზება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ადამიანებს შემოსავლის ერთადერთ წყაროს ვერ გადავუკეტავთ, – აცხადებს გოგიტა კაპანაძე.