პოლიტიკა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია: რატომ ჩაუდგა სათავეში განხეთქილებას გრიგოლი - საქინფორმი

 საქინფორმის ამასწინანდელ პუბლიკაციაში დასახელებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ის 7 წევრი 47-დან, რომლებიც ახალ უკრაინულ ეკლესიას მხარს უჭერენ და ბართოლომეოს სტამბოლელის მიერ მისთვის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის მინიჭებას იწონებენ. როდესაც მათ სახელებს საქართველოს პატრიარქის ტახტის პრეტენდენტების (პატრიარქის სიცოცხლეში!) სიას შეადარებთ, აღმოაჩენთ, რომ ორივე სიაში ფიგურირებს მეუფე გრიგოლი (ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი) - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.

არა იმდენად ასოციაციებმა, რომლებსაც უნებლიეთ იწვევს გვარი „ბერბიჭაშვილი“, მოქმედი პატრიარქის ილია მეორის მიმართ მეუფის სიძულვილის გათვალისწინებით (1907 წელს მისმა მოგვარემ გიგლა ბერბიჭაშვილმა ილია ჭავჭავაძე მოკლა, რომელიც შემდგომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ილია მართლად შერაცხა), რამდენადაც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის აშშ-ში (კონგრესი, პენტაგონი, ЦРУ) შარშანდელი შეხვედრების ანალიზმა საფუძველი მოგვცა, გაგვეკეთებინა პროგნოზი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის შვიდი პოლიტ-მიტროპოლიტისაგან შემდგარი ლიბერალური ფრთის ლიდერი სწორედ მიტროპოლიტი გრიგოლია.

პროგნოზი დადასტურდა - ბრწყინვალე აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძარში ლიტურგიის დროს, აგრეთვე ფოთისა და ხობის ეპარქიის ფეისბუქგვერდზე მიტროპოლიტმა გრიგოლმა საჯაროდ დაასვა რუსეთის მსახურთა დაღი საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც უკრაინას ავტოკეფალია არ მიულოცა. და თუმცა ცნობილმა რუსოფობმა საერო ხელისუფლება ახსენა, იქ საეკლესიო ხელისუფლებაც იგულისხმებოდა პატრიარქ ილია მეორის მეთაურობით, რომელმაც წმინდა სინოდის გასული წლის 27 დეკემბრის სხდომაზე ამჯობინა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან უკრაინის ახალი არაკანონიკური ეკლესიის აღიარების საკითხი მომავალი სხდომისთვის გადაედო. ამით გრიგოლი, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებს დაუპირისპირდა, არა მარტო თვითონ გახდა რასკოლნიკი, არამედ განხეთქილება დათესა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, წმინდა სინოდის წევრებს შორის და მრევლში!

„როდესაც ჩვენ ვისმენთ მოსაზრებას, რომ პოლიტიკური ლიდერები ეკლესიასთან ერთად იმსჯელებენ ამ საკითხზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ან ვერ აცნობიერებენ საკუთარ ვალდებულებებს კოლეგებისა და მეგობარი სახელმწიფოს მიმართ, ან შეცდომაში არიან შეყვანილნი მცდარად გაგებული რელიგიურობით!

უკრაინის თემა ერთ-ერთი სერიოზული წყალგამყოფია წარსულსა და მომავალს შორის; და თუ შიშმა დაგვიბრმავა თვალი და არასწორ გზას დავადექით, ეჭვსგარეშეა, რომ თავისუფალ სამყაროს მოწყვეტილნი აღმოვჩნდებით და დიდი ხნით დასამარდება მრავალი თაობის მიერ ნანატრი თავისუფლებაც და დამოუკიდებლობაც!“, - განაცხადა, კერძოდ, რასკოლნიკმა გრიგოლმა და თავის „ნააზრევს“ აშშ-დან ჩამოტანილი კონსპექტის მიხედვით პრიმიტიული პოლიტიკური მიმოხილვა და საქართველოს ხელისუფლებაში და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში კრემლის აგენტების ლუსტრაციისკენ მოწოდებები დაურთო.

დამწყები ანაფორიანი პროპაგანდისტის, რომელსაც დასავლეთმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევაში მხარდაჭერა აღუთქვა, ანტირუსული სავარჯიშოების კომენტარს არ გავაკეთებთ - დაე, მკითხველმა თვითონ განსაჯოს: უკრაინაში ახალ ეკლესიას მორწმუნეების მარტო ერთი მესამედი უჭერს მხარს, და თუ ამ უმცირესობას „უკრაინელ ხალხს“ ვეძახით, რომელსაც „მისალოცად აქვს საქმე“, მაშინ თანმიმდევრულები ვიყოთ და „ქართველი ხალხი“ დავუძახოთ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს, რომლებიც საქართველოში ამომრჩეველების ერთ მესამედს წარმოადგენენ!

საქინფორმი
2019 წლის 15 იანვარი
საქართველო, თბილისი