პოლიტიკა
ჯონ ბასი მედიამფლობელთა გამჭვირვალობის შესახებ საქართველოში

john_bass2აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა, რომ კანონპროექტი მაუწყებელთა მფლობელების გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც ამჟამად განიხილება პარლამენტში, ქვეყანაში მედიაგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

27 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში – „აქცენტები“ – საუბრისას მან განაცხადა, რომ ერთ–ერთი, თუმცა არა ერთადერთი, პრობლემა არის „ბუნდოვანება იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად ვინ ფლობს“ მედიასაშუალებებს, ასევე, „ვინ იღებს გადაწყვეტილებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ამბავი უნდა გაშუქდეს და რომელი – არა“.

„მიმაჩნია, რომ ერთ–ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, არის მედიამფლობელობის დამატებითი გამჭვირვალობა. კანონპროექტი, რომელიც ახლა პარლამენტშია, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მისი დამტკიცების შემთხვევაში,“ – განაცხადა ბასმა.

ელჩის თქმით, იგი მოხარულია იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მზად არიან, განიხილონ მედიაექსპერტებისა და აქტივისტების მიერ წარმოდგენილი ინიციატივებიც. საკანონმდებლო ცვლილებათა ეს პაკეტი მოიცავს არა მხოლოდ მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის საკითხს, არამედ მედიასთან დაკავშირებულ უფრო ფართო სპექტრს, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამარტივების საკითხსაც.

აშშ–ის ელჩმა განაცხადა, რომ ორივე ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია საქართველოში მედიისა და ჟურნალისტიკის განვითარებისთვის.

„მედიაგარემო ... არის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ისეთი გარემოს შესაქმნელად [საარჩევნო] კამპანიისთვის, რომლის ნახვაც ჩვენ ყველას გვსურს მომავალ წელს და რომელიც უზრუნველყოფს [2012 წლის] საპარლამენტო არჩევნების კონკურენტულობას,“ – განაცხადა ბასმა.

იმავე გადაცემაში მან გააკრიტიკა ის წესი, რომლის მიხედვითაც, სამაუწყებლო ლიცენზიები მედიაორგანიზაციების მიერ წარმოებული პროდუქციის შინაარსის საფუძველზე გაიცემა.

„ეს, ჩემი აზრით, ეწინააღმდეგება იმას, თუ როგორ მუშაობს მედიარეგულაციები დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შეჩერებული აქვს ახალი სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემა იმ მოტივით, რომ მას ჯერ არ დაუსრულებია საზოგადოებივი აზრის კვლევა იმის დასადგენად, თუ რა შინაარსის მედიაპროდუქცია აინტერესებს საზოგადოებას.