რელიგია
არნო ხიდირბეგიშვილი: თურქული ყულფი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კისერზე

     როგორც მოსალოდნელი იყო, წმინდა სინოდის 2018 წლის 27 დეკემბრის სხდომაზე საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ აღიარა ახალი რასკოლნიკური სტრუქტურა „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია“, თუმცა, არც დაუგმია და განხილვა სამომავლოდ გადადო: „მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მსჯელობა გაგრძელდეს წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

     როდის ჩატარდება მომდევნო სხდომა და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ის? ნუთუ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს ტომოსს ავტოკეფალიის შესახებ, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომეოსმა „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას“ მიანიჭა? - ამ შეკითხვებზე პასუხს მოუთმენლად ელის 14 საადგილმამულო მართლმადიდებელი ეკლესია (სულ 15-ია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩათვლით), იმიტომ, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც 41 წელი საპატრიარქო მსახურებას მიუძღვნა, მათ შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

     ამ გარემოების მიუხედავად, არა მგონია, უწმინდესმა სინოდის რიგგარეშე მხოლოდ უკრაინის ახალ ეკლესიაზე მსჯელობისათვის სხდომა მოიწვიოს. მორიგი სხდომა კი გაზაფხულზე ჩატარდება, სავარაუდოდ, მარტში. გამორიცხული არ არის, რომ იმ დროისათვის საქართველოს ეკლესიის მხრიდან პოზიციის დაფიქსირების ასეთი მწვავე აუცილებლობა აღარ იარსებებს, რადგან უკრაინაში 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს საკითხი, როგორც საპრეზიდეტო პიარკამპანიის ნაწილი, საინტერესო აღარ იქნება; ანდა მოვლენათა განვითარების სცენარი (დიდი ალბათობით, ტრაგიკული) ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას ერთადერთ ადეკვატურ გადაწყვეტილებას თვითონ უკარნახებს.

     რაც შეეხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 27 დეკემბრის სხდომის გადაწყვეტილებას: ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ლაკონური ნეიტრალური დოკუმენტია, რომელშიც საქმის არსი წარმოდგენილია არა როგორც უპრეცედენტო არაკანონიკური გასვლა მართლმადიდებლური დოგმატიკის ველიდან, არამედ როგორც კონფლიქტი მხოლოდ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის, მხარეების სასწაულებრივი შერიგების იმედით უფალს მინდობილი. თუმცა, მას შემდეგ, რაც ყურადღებით გაეცნობით უწმინდესის სიტყვებს, უთუოდ აღმოაჩენთ ფარულ მჭევრმეტყველურ კონტექსტს, ქართული ეკლესიის შიდა დაპირისპირებისა და საქართველოს ირგვლივ განვითარებული კოლიზიების გათვალისწინებით.

     დავიწყოთ კათოლიკოს-პატრიარქის ფრაზით – „მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო პროცედურები უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისათვის, რითაც უფრო გაღრმავდა არსებული კრიზისი, რაც მწუხარებას იწვევს ჩვენში“. ეს გახლავთ პირდაპირი საყვედური კონსტანტინოპოლის - ახალი რომის არქიეპისკოპოსის, მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოს პირველისადმი, რომელმაც განიზრახა უკრაინაში ახალი არაკანონიკური სტრუქტურის ლეგალიზება მისთვის ავტოკეფალური საადგილმამულო ეკლესიის სტატუსის მინიჭებით. განა ეს პროვოკაცია სამწუხარო არ გახლავთ?! განა სავალალო არ არის მორწმუნეთა დაპირისპირება, რომელიც უკრაინაში დაიწყო, თუნდაც სამღვდელოების დევნა და ტაძრების წაბილწვა, რაც დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის დროიდან უპრეცედენტოა?!

     იმისათვის, რომ დღევანდელ სამწუხარო მოვლენათა რეალურ მიზეზებს მივაგნოთ, უპირველეს ყოვლისა, ბართოლომეოსის ტიტულიდან უნდა ამოვიღოთ ფასადური რეგალიები, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება და რეალური დატვირთვა არ გააჩნია - „ახალი რომისა და კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი“ და „მსოფლიო პატრიარქი“. დარჩება სტამბოლის საპატრიარქო და თურქეთის მოქალაქე, წარმოშობით ბერძენი დიმიტრიოს არქონდონისი, თურქეთის არმიის ყოფილი კაპიტანი, რომელმაც თურქეთის რესპუბლიკას ერთგულება შეჰფიცა, შემდგომში კი სათავეში ჩაუდგა ანკარის იურისდიქციაში მყოფ და მასზე მატერიალურად დამოკიდებულ სტრუქტურას - კონსტანტინოპოლის (სტამბოლის) პატრიარქატს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ევროპასა და აშშ-ში არსებული სამწყსოებისაგან შემდგარი ტრანსნაციონალური კომპანიაა!

     ამდენად, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოებული ბართოლომეოსისთვის სიტყვა „მრევლი“ ნიშნავს არა მხოლოდ საეკლესიო ტერიტორიას თავისი მორწმუნეებით, არამედ ფულად შემოსავალსაც, რომელიც მას შეუძლია მოიტანოს! აი, რატომ არის, რომ ახალი უკრაინული ცრუეკლესიის მიერ დამწყემსილი ტერიტორიების სტამბოლისათვის დასაქვემდებარებლად 5 დეკემბერს (კიევში ორი სქიზმატური ორგანიზაციისაგან - კიევის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიისა და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისაგან - შექმნეს ერთი არაკანონიკური სტრუქტურა - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც საკურატოროდ გადაეცა სტამბოლის საპატრიარქოს ეგზარქოსებს - არქიეპისკოპოს დანიელ პამფილიელს (აშშ) და ეპისკოპოს ილარიონ ედმონტონელს (კანადა). როგორც ამბობენ, ამან უკვე მოუტანა ბართოლომეოსს 25 მილიონი აშშ დოლარი, თუმცა ცოტა ხნის წინ ის საჯაროდ იმართლებდა თავს - პრეზიდენტ პოროშენკოსგან ტომოსისათვის ფული არ ამიღიაო!

     და თუ ფულისთვის არა, მაშ რისთვის არღვევს პატრიარქი ბართოლომეოსი ზედიზედ ყველა საეკლესიო კანონს და აიძულებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტული ურთიერთობა შეწყვიტოს? ანათემას უხსნის ფილარეტ დენისენკოს, რომლის გადაყენების კანონიკური პროცედურა აღიარებული იყო ყველა საადგილმამულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, მათ შორის, თავად კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართოლომეოსის მიერ, თანაც მრავალჯერ?! სასულიერო სემინარიის ნებისმიერმა სტუდენტმაც კი იცის, რომ ეს მხოლოდ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრების კომპეტენციაა, რომელმაც ფილარეტი (მიხეილ დენისენკო) ჯერ გადააყენა, შემდეგ კი ქრისტეს ეკლესიიდან მოკვეთა და ამით მისი ყველა ქიროტონია და დანიშვნა გააუქმა, მათ შორის - მისი მოსაყდრის, ახალდანიშნული კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანესი! ჰოდა, გამოდის, რომ უკრაინის ახალი „მართლმადიდებელი ეკლესიის“ წინამძღვარი სულაც საერო პირი და ჩემი ყოფილი კოლეგა, ჟურნალისტი სერგეი დუმენკო გახლავთ!

     86 წლის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია ილია II ჟურნალისტი და ინტერნეტის მომხმარებელი არ არის (თუმცა მან გლობალიზაციის ერთ-ერთ სიკეთედ მიაჩნია), მაგრამ მან ყველაზე უკეთესად იცის, რომ, თუკი მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ორჯერ მეტი მრევლი ჰყავს, ვიდრე ყველა არაკანონიკურს ერთად, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის თხოვნით მიმართავდა, ის დე იურე ავტოკეფალიას დიდი ხნის წინათ მიიღებდა, რადგან დე ფაქტო მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, პრაქტიკულად, ავტოკეფალურია, თუკი არ ჩავთვლით „მოვალეობას“, ლიტურგიის დროს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე ახსენონ. ხოლო „ავტოკეფალიას“, რომელიც ბართოლომეოს კონსტანტინოპოლელმა 5 იანვარს მიანიჭა უკრაინის ახალ საეკლესიო სტრუქტურას, საკუთარი პატრიარქიც კი არ ეყოლება - მას სათავეში ყოველთვის ედგება მიტროპოლიტი, იმიტომ რომ ტომოსში „მსოფლიო საპატრიარქოს სულიერ შვილად“ არის წოდებული!

     მეტიც - უკრაინის ახალი ეკლესია კარგავს მთელ სამწყსოს საზღვარგარეთ, მის სათავეში მყოფ მიტროპოლიტ ეპიფანეს უფლება არა აქვს, დააფუძნოს ახალი სამწყსოები (პარაფიები) უცხოეთში, ხოლო უკრაინის ტერიტორიის გარეთ უკვე არსებული ყველა სამწყსო მათ სათავეში მდგომი ეპისკოპოსებიანად კონსტანტინოპოლის პატრიარქის იურისდიქციაში გადადის!

     უკრაინის ახალი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტს ეპისკოპოსების დანიშვნის უფლებაც კი არა აქვს, ეს კონსტანტინოპოლის პატრიარქის კომპეტენციაა, რომელიც ბოლო "ინსტანცია" გახდება ახალი ეკლესიის წიაღში წარმოშობილი ყველა დავის გადასაწყვეტად. ანუ უკრაინის ახალი ეკლესიის იერარქებსა და მათ წინამძღვარ მიტროპოლიტ ეპიფანეს შორის კონფლიქტის შემთხვევაში ისინი პირდაპირ ბართოლომეოსთან იჩივლებენ.

     მაგრამ უკრაინის ახალი ეკლესია დამოკიდებული იქნება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოზე არა მხოლოდ იურიდიულად და კანონიკურად, არამედ მატერიალურადაც - უცხოეთში არსებულ სამწყსოებთან (პარაფირიებთან) ერთად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უშუალო დაქვემდებარებაში გადადის მინიმუმ 12 ტაძარი და მონასტერი (სტავროპიგიები), რომლებიც, პარაფირიების მსგავსად, პირდაპირ ბართოლომეოს სტამბოლელს გადაუხდიან საეპარქიო საწევრო შენატანს!

     გარდა იმისა, რომ უკრაინის ახალი ეკლესია ვერ შეძლებს დამწყემსოს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა მრევლი, მას არ ექნება უფლება, აღასრულოს ყველა საიდუმლო სისრულე და წმინდა მირონიც კი სტამბოლში მივლინებულ მღვდელთა მეშვეობით უნდა იყიდოს! ტომოსის ტექსტში პირდაპირ წერია, რომ უკრაინის ახალი ეკლესიის წინამძღვარი „მოვალეა დააგზავნოს შესაბამისი სამშვიდობო სიგელები მსოფლიო პატრიარქის ან სხვა მეთაურთა სახელზე და უფლებამოსილია, ანალოგიური მიიღოს თავადაც, რომელიც უწინარესად შეეხება მშვიდობიან მოგზაურობას კონსტანტინოპოლის პირველსაყდარისგან, ჩვეულებათა თანახმად, წმინდა მირონის მიღებას, მასთან სულიერი ერთობის გამოვლენის მიზნით“. (აქამდე მირონს უკრაინაში ხარშავდნენ, ამას პირადად კიევის არაკანონიკური საპატრიარქოს პატრიარქი ფილარეტ დენისენკო აკეთებდა).

     ამგვარად, ბართოლომეოს სტამბოლელის შემოსავალი ეპარქიული შენატანებიდან (პარაფიებიდან და სტავროპიგიებიდან) და წმინდა მირონის გაყიდვიდან ათობით, თუ არა ასობით, მილიონი აშშ დოლარი იქნება!

     მაგრამ ყველაზე დიდი კურიოზი ის გახლავთ, რომ ტომოსის ტექსტში „უკვდავყოფილია“ „მისი მაღალაღმატებულება პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო“, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად წარდგება ჰააგის ტრიბუნალის წინაშე სააკაშვილთან ერთად! ამიტომაც ტომოსი უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ თავიდანვე დაწყევლილი აღმოჩნდა. თავად განხაჯეთ:

– 5 იანვარს, წმინდა გიორგის ტაძარში ფანარზე (სტამბოლი) ბართოლომეოსის მიერ ტომოსზე ხელმოწერის წინ პოროშენკოს გვერდით მდგომ მღვდელს გული წაუვიდა. ეს უკვე მე-7 შემთხვევაა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის გვერდით ადამიანები გონებას კარგავენ - ადრე ეს 5 სამხედროს დაემართა, მათ შორის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თავმჯდომარეს ვიქტორ ნაზარენკოს და უმაღლესი რადას რწმუნებულს ადამიანის უფლებათა საკითხებში ლუდმილა დენისოვას.

6 იანვარს, ტომოსის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე კიევში, სოფია კიეველის სატრაპეზო ტაძარში, ტომოსის საზეიმოდ შეტანისას უკვე თავად პოროშენკომ წაიბორძიკა და ტომოსი მარჯვენა ხელიდან გაუვარდა, თუმცა მარცხენათი მისი დაჭერა მოასწრო. მაგრამ მთავარი სკანდალი ჯერ კიდევ წინ იყო!

 7 იანვარს ტომოსი... გაქრა! უკრაინის კულტურის სამინისტროს რელიგიებისა და ეროვნებების საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანდრეი იურაშმა განაცხადა, რომ იგი სტამბოლში დააბრუნეს... ხელმოწერების შესაგროვებლად, „რადგან მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის ყველა წევრს არ მოუწერია ხელი და ამჟამად მასზე მხოლოდ მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის ხელმოწერაა“!

ანუ ტომოსი უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ სხვა არაფერია, თუ არა ფარატინა ქაღალდი, რომელიც პარაშენკოს ფოჩიანი კამფეტივით დააჭერინეს ხელში ერთი დღით!

9 იანვარს კიევიდან სტამბოლში დაბრუნებულ ტომოსს ხელს სტამბოლის საპატრიარქოს სინოდის 13 წევრი აწერს:

1. სტამბოლის პატრიარქი ბართლომეოსი;

2. ვრიულის მიტროპოლიტი პანთელეიმონი;

3. იტალიისა და მალტის მიტროპოლიტი გენადი;

4. გერმანიის მიტროპოლიტი ავგუსტინი;

5. ტრანუპოლის მიტროპოლიტი ჰერმანი;

6. ნიუ-ჯერსის მიტროპოლიტი ევანგელი;

7. როდოსის მიტროპოლიტი კირილე;

8. რეტიმნსკისა და ავლოპოტამის მიტროპოლიტი ევგენი;

9. კორეის მიტროპოლიტი ამვროსი;

10. სინგაპურის მიტროპოლიტი კონსტანტინე;

11. ავსტრიის მიტროპოლიტი არსენი;

12. სიმის მიტროპოლიტი ქრიზიტომი;

13. ჩიკაგოს მიტროპოლიტი ნაფანაილი.

     ჩვენდა სამარცხვინოდ და სამწუხაროდ, ზემოაღნიშნულ ფაქტებს ქართველ ხალხსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეგნებულად უმალავენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, რომლებიც დემაგოგიურად აცხადებენ - უკრაინას აქვს უფლება, ავტოკეფალური ეკლესია ჰქონდეს! ამით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიბერალი უმაღლესი იერარქები არა მხოლოდ რუსოფობიას თესავენ და სახიფათო თამაშში შეჰყავთ ემოციური ქართველი ხალხი, არამედ თვითონაც ვარდებიან ისეთ უმძიმეს მომაკვდინებელ ცოდვაში, როგორიც არის ტყუილი! მეტიც, ამით ისინი განხეთქილებას თესავენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაშიც და საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორისაც.

     დავუბრუნდეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2018 წლის 27 დეკემბრის სხდომას და მასზე მიღებულ დადგენილებას, რომლის პირველი ნაწილი (უკრაინის მოვლენებისადმი მიძღვნილი) შემთხვევით როდი მთავრდება სიტყვებით: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი მიმართავს საქართველოსა და უცხოეთში მყოფ თავის სამწყსოს, რათა უფალს გულმხურვალედ შევავედროთ ყოველთა მართლმადიდებელთა მშვიდობა და ერთობა“. ამ სიტყვებით პატრიარქი ილია II მოუწოდებს წმინდა სინოდის პოლიტიკური კონიუნქტურით მეტისმეტად გატაცებულ 7 წევრს (47-დან), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინის ახალი არაკანონიკური ეკლესიის აღიარებას, ამპარტავნება დათრგუნონ და გონს მოეგონ! დადგა დრო, დავასახელოთ ისინი:

1. მეუფე აბრაამი - დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი;

2. მეუფე გრიგოლი - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი;

3. მეუფე ზოსიმე - წილკნისა და დუშეთის არქიეპისკოპოსი;

4. მეუფე პეტრე - ჭყონდიდის მიტროპოლიტი (სააკაშვილის ოჯახის მოძღვარი);

5. მეუფე ზენონი - დმანისის და აგარაკ-ტაშირის მიტროპოლიტი; დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის არქიეპისკოპოსი;

6. მეუფე დოსითეოსი - ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი;

7. მეუფე საბა - ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი.

     იმისათვის, რომ გავიგოთ მათი წამქეზებელი მოტივები (ხარკი რუსოფობიის მოდას; საპატრიარქოში და ეკლესიის სამწყსოში, მათ შორის - რუსეთის ქართულ დიასპორაში განხეთქილების მცდელობა; საქართველოს პატრიარქის ტახტისათვის ბრძოლის მორიგი ფაზა ციანიდით ილია მეორის მოწამვლის მცდელობის შემდეგ), მოდით, ზემოთმოტანილი ჩამონათვალი იმ სახელებს შევადაროთ, რომლებზეც ქართველ საზოგადოებაში ყველაზე ხშირად მსჯელობენ, როგორც საპატრიარქო ტახტის პრეტენდენტებზე:

1. მეუფე აბრაამი - დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი;

2. მეუფე გრიგოლი - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი;

3. მეუფე შიო - სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის თანამოსაყდრე;

4. მეუფე დიმიტრი - ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ძმისშვილი);

5. მეუფე დანიელი - ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი;

6. მეუფე იაკობი - ბოდბის ეპისკოპოსი;

7. მეუფე იობი - მროველ-ურბნისის მიტროპოლიტი;

8. მეუფე თეოდორე - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი;

9. მეუფე ანდრია - გორისა და ატენის მიტროპოლიტი;

     როგორც ხედავთ, აღნიშნულ სიებში ორი დამთხვევაა - მეუფე აბრაამი და მეუფე გრიგოლი (უნებურად ასოციაციების გამომწვევი გვარით - „ბერბიჭაშვილი“)... თუმცა, სავარაუდოა, რომ წმინდა სინოდის დანარჩენ წევრებზე განხორციელდება ზეწოლა, რათა საგაზაფხულო სხდომაზე უკრაინის ახალი ეკლესიის აღიარებისთვის ხმის მიცემა აიძულონ. ალბათ, ეს იქნება შანტაჟი მეუფეების პირადი ცხოვრებიდან მაკომპრომეტირებელი ფარული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების მუქარით ან იმ ფაქტების სააშკარაოზე გამოტანა, რომლებიც მოწმობს მათ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე, მაგალითად, კორუფციაზე. როგორც ყოველთვის, ეკლესიის დისკრედიტაციის პროპაგანდისტულ კამპანიას სათავეში „რუსთავი-2“ ჩაუდგება!

   მთავარ დარტყმას, რა თქმა უნდა, ილია მეორეს მიაყენებენ, რომელიც საპატრიარქოში არსებული ლიბერალური ლობისათვის კვლავ რჩება მთავარ დაბრკოლება და წმინდა სინოდის მიერ ამ არაკანონიკური გადაწყვეტილების მიღების გზაზე, ამიტომ უწმინდესის სიცოცხლეს დღეს კვლავ საფრთხე ემუქრება! ამიტომ მივმართავ პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს და წმინდა სინოდის იმ 7 წევრს, რომელიც მომავალ სხდომაზე თამასის აწევას ტომოსის აღიარებამდე შეეცდება:

     ბატონო მღვდელმთავრებო! თქვენ, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობისძველი და ახლანდელი ლიდერების უვიც კატეგორიას არ მიეკუთვნებით, ვისაც ავტოკეფალია კეფალი ჰგონია... მაშ რატომ უბიძგებთ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, აღიაროს არაკანონიკური სტრუქტურა, რომლის ახალდანიშნული მეთაური - სამოქალაქომიტროპოლიტიეპიფანე - სახალხოდ დაჰპირდასექსუალურ უმცირესობებთან მართლმადიდებლების დამოკიდებულების შეცვლას“, ანუ ჰომოსექსუალიზმის დაკანონებასა და წმინდა წერილის გადაწერას?! განა შეიძლება, „ეკლესიაუწოდო დაჯგუფებას, რომლის იერარქთა უმრავლესობა ცნობილი კრიმინალი, პედოფილი და ლგბტ- წარმომადგენელია?! რას ელოდებით სამაგიეროდ უკრაინისაგან?! კიევის ხელისუფლება ისევე „გადაუხდის მადლობას“ საქართველოს, როგორც სააკაშვილსა და „ქართულ ლეგიონს“ გადაუხადა, რომელიც დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მის მხარეს იბრძოდა, რასაც რუსები მომავალშიც გაგვიხსენებენ!

     თუ ოდნავ მაინც შეგრჩათ იმ ჯვრებისა და პანაღიების პატივისცემა, რომლებსაც ატარებთ, აჩვენეთ ილია მეორეს ეს ფოტო, სანამ მე თვითონ მიჩვენებია! იცით, ვინ დგას უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის ანდრეი პარუბის გვერდით და ვის უჭირავს ბართოლომეოს სტამბოლელის მიერ გამოწერილი ტომოსი მასთან ერთად? ეს ნარიკ დნეპროპეტროვსკელია – ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი და პრეზიდენტ პეტრო პარაშენკოს მეგობარი ალექსანდრე თამაზის ძე ნარეკლიშვილი ქალაქ რუსთავიდან, გასტროლიორი, ბანქოს მოთამაშე, გამომძალველი, თაღლითი, იარაღით მოვაჭრე და, უკრაინის გენპროკურორ იური ლუცენკოს და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელ ვასილი გრიცაკის არაერთი საჯარო განცხადებით, უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი - დნეპროპეტროვსკის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი! ხოლო წმინდა ცეცხლი იერუსალიმიდან ამ ქურდული „ეკლესიისთვის“ პირადი თვითმფრინავით არანაკლებ ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს ემილ არუთინიანს ჩამოაქვს!

     დიახ, განსაცდელი, რომელსაც ღმერთი ამა თუ იმ ხალხს მოუვლენს, ამ ხალხის ხელისუფლების ქმედებათა შედეგია. ჩემი სიტყვები არ არის მიმართული უკრაინელებისადმი, რომლებსაც მათივე არჩეული მძიმე ჯვრის ტარება მოუწევთ. ეს გაფრთხილებაა ქართველი ანაფორიანი პოლიტიკოსებისათვის, რომლებსაც სურთ, ისევ ჩამოაცვან თურქული ყულფი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიის კისერზე და მისი სამწყსოები სტამბოლელ ეგზარქოსებს გადასცენ, როგორც მათმა უკრაინელმა მოძმეებმა გააკეთეს!

     მაგრამ მათ ტყუილად აქვთ მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან მადლიერების იმედი - ბართოლომეოს სტამბოლელის დაქვემდებარებაში ქართველ პოლიტმიტროპოლიტებს ნამდვილად არ ექნებათ ისეთი დალხინებული ცხოვრება, როგორიც მათთვის ღრმად საძულველი ილია მეორის ხელში აქვთ! მოღალატეები არსად უყვართ, სტამბოლშიც კი, და მათი დამსახურება მაშინვე ავიწყდებათ, როგორც დაავიწყდათ უკრაინელი რასკოლნიკების წინამძღოლი - კიევის საპატრიარქოს არაკანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი ფილარეტ დენისენკო, რომელიც სტამბოლსა და კიევში ტომოსის ხელმოწერის და გადაცემის ცერემონიაზეც კი არ დაპატიჟეს! (მიუხედავად მისი დამსახურებისა ორი რასკოლნიკური ეკლესიის ერთ არაკანონიკურ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიად გაერთიანების საქმეში, რომელსაც სათავეში მისივე ხელდასხმული. აღზრდილი და მოსაყრდე - მიტროპოლიტი ეპიფანე დუმენკო ჩაუდგა).

       და ბოლოს: მოდით, ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება შედეგები, თუკი ისარგებლებენ ილია მეორის შერყეული ჯანმრთელობით და წმინდა სინოდის საგაზაფხულო სხდომაზე მაინც მოახერხებენ ამგვარი გადაწყვეტილების გატანას მისი მომხრეების 24-მდე გაზრდის გზით? (სინოდში 47 წევრია, ანუ ზემოთ ჩამოთვლილი 7 მეუფის გარდა, კიდევ 17 წევრის ხმის მოპოვება დასჭირდებათ).

•  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების შემთხვევაში, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მოუწევს, აფხაზეთისა და ალანიის ეკლესიები აღიაროს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, რუსეთთან ახალი ომის ან საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაშიც კი, პატრიარქი კირილი, რომელიც ცნობილია ყველა ეკლესიის ტერიტორიების ხელშეუხებლობის მკაცრი აღიარებით, არ აკისრებს კანონიკური წესრიგის დარღვევას.

       აღიარების ფორმები აქ შეიძლება სხვადასხვა იყოს - ან პატრიარქი კირილი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეგზარქოსებს გამოგზავნის ტომოსის მისაღები ან ავტოკეფალიის ნაცვლად ეს ეპარქიები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში შევლენ. შესაძლოა, სოხუმსა და ცხინვალში დაფუძნდეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეგზარქატები, როგორც გასულ კვირას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა დააფუძნა საპატრიარქო ეგზარქატები დასავლეთ ევროპაში (ცენტრით პარიზში) და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ცენტრით სინგაპურში), რითაც უპასუხა უკრაინაში კონსტანტინოპოლის პატრიარქის ქმედებებს.

               საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის არაკანონიკური ეკლესიის აღიარებას მოუთმენლად ელოდებიან აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სადაც უკვე დიდი ხანია, სურთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან ტომოსი მიიღონ. შეგახსენებთ, რომ ეს უკვე სცადეს ე. წ. აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭოს ნაკლებად პოპულარულმა წარმომადგენლებმა, არაკანონიკურმა მღვდლებმა - მღვდელმონაზონმა ანდრეი ამპარმა, მღვდელ-დიაკონმა დავით სარსანიამ, თემურ ძიძარიამ და გერმანე მარშანიამ არქიმანდრიტ დოროფეი დბარის ხელმძღვანელობით; ანდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდნენ, რაზეც მუშაობს დბარის ჯგუფთან დაპირისპირებული, სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ე. წ. დროებითი მმართველი, გავლენიანი ბესარიონ ფილია - აფხაზი ეროვნების პირველი მღვდელი, რომელმაც საეკლესიო წოდება კანონიკურად მიიღო (დიაკვნად ხელდასხმულია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ 1990 წელს).

•  საქართველოს მართლმადიდებული ეკლესიის წმინდა სინობის მხრიდან უკრაინის რასკოლნიკური სტრუქტურის მხარდაჭერის შემთხვევაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იძულებული იქნება, შეწყვიტოს ევქარისტული ურთიერთობა განხეთქილებაში შესულ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომელიც დიპტიხში მე-6-დან მე-9 ადგილზე გადაინაცვლებს. სულიწმინდა, და მასთან ერთად რუსეთში არსებული ქართული ტაძრები დატოვებენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ხოლო წმინდა სინოდის ყველა წევრი, ვინც უკრაინელი რასკოლნიკების ხროვას აღიარებს, ანათემას გადაეცემა!

            (ცნობისათვის: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ქართულმა ეგზარქატმა 1917 წლამდე იარსება - რევოლუციის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ავტოკეფალია გამოაცხადა, რომელიც მოსკოვის საპატრიარქომ 1943 წელს სცნო, ხოლო კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ - მხოლოდ 1990 წელს)

•  უფრო მეტიც, ჩატყდება უკანასკნელი ხიდი რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც სამუდამოდ დაემშვიდობება აფხაზეთს და სამაჩაბლოს, ორ წელიწადში კი, 2021 წელს, ყარსის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, აჭარაც (გარანტორი მხარის, ანუ რუსეთის არარსებობის გამო), თურქეთის მფლობელობაში გადავა! გამორიცხული არ არის, რომ იგივე მოხდეს სომხებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთსა და აზერბაიჯანლებით დასახლებულ ქვემო ქართლში.

     ამას ზოგიერთი ვაი-ქართველის გასაგონად ვამბობ, რომლებსაც უყვართ თურქულ ყულფში თავის გაყოფა, საიდანაც ისევ რუსები იხსნიან ხოლმე, ოღონდ უკვე სერიოზული დანაკარგებით და გაცილებით უარესი პირობებით, როგორც ეს გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ მოხდა!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეფიშვილი
2019 წლის 14 იანვარი
საქართველო, თბილისი